ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ შესამჩნევად გაიზარდა კიბერდანაშაული, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინასთანაა დაკავშირებული
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ შესამჩნევად გაიზარდა კიბერდანაშაული, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინასთანაა დაკავშირებული

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ისაუბრა კიბერდანაშაულის ზრდაზე, რომელიც, მისი თქმით, სავარაუდოდ, უკრაინასთანაა დაკავშირებული.

ვიქტორ ორბანის განცხადებით, მთავრობის უახლოეს სხდომაზე ამ მიმართულებით ბრძოლის გამკაცრების გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ორბანმა ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ ბოლო დროს შესამჩნევად გაიზარდა საბანკო თაღლითობა და ჰაკერული თავდასხმები, მათ შორის კიბერთაღლითობა, რომელიც უკრაინაში ბაზირდება.

„საკმარისია ერთი წარუმატებელი ჩაწკაპუნება და ოჯახური დანაზოგები წყალში იყრება“, – განმარტა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, თაღლითები უნგრულ ოჯახებს წელიწადში რვა მილიარდი ფორინტის (თითქმის 20 მილიონი ევრო) ზიანს აყენებენ.

„მთავრობის სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება ახალი ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც იბრძოლებენ საბანკო ჰაკერული თავდასხმების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინულ კრიმინალურ წრეებთანაა დაკავშირებული“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახლახან დააკავეს 19 ადამიანი, რომლებიც უკრაინის ორგანიზებულ დანაშაულთან იყვნენ დაკავშირებულები.