„ვილიარეალმა“ ქართველი მეკარე აიყვანა - 16 წლის დავით ღვარძელაშვილმა ესპანურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ქართველი მეკარე დავით ღვარძელაშვილი „ვილიარეალის“ ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს – 16 წლის ქართველმა ახალგაზრდამ ესპანურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
„სამწლიანი კონტრაქტი ესპანურ კლუბთან – დავით ღვარძელაშვილი „ვილიარეალის“ ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს. ძალიან სასიხარულო ამბავი, ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ, „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილმა მეკარემ, დათუნა ღვარძელაშვილმა კონტრაქტი გააფორმა ესპანურ „ვილარეალთან!“ გილოცავ, დათუნა, ეს მხოლოდ დასაწყისია, უფრო მეტი უნდა გააკეთო“, – წერს სოციალურ ქსელში „დინამო თბილისის“ აკადემიის მეკარეთა მწვრთნელი რეზო ნაჭყეპია.
საქართველოს პირველმა არხმა რეზო ნაჭყეპიასგან ახალგაზრდა მეკარეზე საინტერესო ამბები შეიტყო. „დინამოს“ აკადემიის მეკარეთა მწვრთნელის თქმით, ღვარძელაშვილი 2007 წელსაა დაბადებული. ის ცხრა წლის იყო, როდესაც „დინამოს“ აკადემიაში ჩაირიცხა და 14 წლამდე ვარჯიშობდა. ერთ წელზე მეტია, რაც ევროპაში წავიდა – ჯერ იყო გერმანიაში, ბოლოს კი ესპანეთში გადავიდა, სადაც ვალენსიის ერთ-ერთ საფეხბურთო სკოლაში ვარჯიშობდა.
სწორედ ამ დროს მოაწონა თავი რამდენიმე ესპანურ კლუბს, მაგრამ საბოლოოდ მათგან ყველაზე მეტად „ვილიეარეალმა“ იაქტიურა, რომელთანაც ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს.
ახალგაზრდა მეკარე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების კანდიდატი იყო და შეკრებაზეც მიიწვიეს, მაგრამ იურიდიული საკითხების მოგვარებამდე ნაკრებში თამაშს ვერ ახერხებდა.