ვეტერანი მორაგბეები - ხმებს ფიზიკურად დავიცავთ
ვეტერანი მორაგბეები - ხმებს ფიზიკურად დავიცავთ

მედიაცენტრ „მთავარში“ ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების გარშემო არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს.

პალიკო ჯიმშელაძემ და ლევან ობოლაძემ, რომლებიც პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატს ირაკლი აბუსერიძეს უჭერენ მხარს, განაცხადეს, რომ გარე ძალებისგან მიმდინარეობს ზეწოლა კლუბებზე, რათა მათ არჩევნებში იოსებ ტყემალაძეს დაუჭირონ მხარი, რომელიც, მათივე თქმით, რაგბის ოჯახისთვის უცხოა.

ვეტერანი მორაგბეების მიხედვით, ზეწოლა და დაშინება მუნიციპალური კლუბების მიმართ ხორციელდება და მათ ძირითადად დაფინანსების მოხსნით ემუქრებიან. მორაგბეები ამბობენ, რომ ამჟამინდელ სიტუაციაში რაგბის და მათ მომხრეებს ფიზიკური დაცვა სჭირდებათ და ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია ვერ ახერხებს პრეზიდენტის არჩევას. 30 დეკემბერს არჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს საქართველოს საჯარო რეესტრმა უფლებამოსილება ყრილობის არალეგიტიმურობის მოტივით არ დაურეგისტრირა. გუშინ დანიშნულ არჩევნებში, აბუსერიძის მომხრეების პროტესტის გამო ქვორუმი არ შედგა.

ორგანიზაციამ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 10-დან 30 დღის ვადაში უნდა დანიშნოს. რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძეა რეგისტრირებული.