ვენეციაში ტერაქტის მომზადებაში ბრალდებულ სამ კოსოვოელს განაჩენი გამოუტანეს
ვენეციის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა სამ კოსოვოელს, რომლებიც რიალტოს ხიდთან ტერაქტს გეგმავდნენ, – ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სააგენტო Rai News-ი ავრცელებს.
ტერორისტული დაჯგუფების ლიდერს არიან ბაბაის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მის ორ თანამზრახველს კი ოთხ-ოთხი წლით.
ოთხი კოსოევოელისგან შემდგარი ჯგუფი ვენეციაში 2017 წლის მარტში დააკავეს. ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანი იყო.
მათ ტერორიზმში წაუყენეს ბრალი. გამოძიების მტკიცებით, კოსოვოს სამი მოქალაქე, რომლებიც სან-მარკოს მოედანთან ერთ-ერთ რესტორანში მიმტანებად მუშაობდნენ, ჯიჰადისტური დაჯგუფების წევრები იყვნენ და კარნავალის დროს რიალტოს ხიდთან ტერაქტს გეგმავდნენ.
დაკავებულ არასრულწლოვანს ვენეციის სასამართლომ განაჩენი გასულ თვეში გამოუტანა. მას ოთხი წლითა და რვა თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.