ვაშინგტონში კონფედერაციის გენერლის, ალბერტ პაიკის ძეგლი ჩამოაგდეს და დაწვეს
ვაშინგტონში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კონფედერაციის გენერლის, ალბერტ პაიკის ძეგლი ჩამოაგდეს და დაწვეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ძეგლის ჩამოგდება აშშ-ში მონათმფლობელობის დასრულების 155-ე წლისთავზე მოხდა, რომელიც ქვეყანაში 19 ივნისს აღინიშნება.
ამერიკული მედიის ცნობით, ძეგლთან გვიან საღამოს 80-დან 100-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა და ქანდაკება ჩამოაგდო.
მომხდარს მალევე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც ვაშინგტონის პოლიცია უმოქმედობაში და საკუთარი საქმის შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. ტრამპმა იმ დემონსტრანტების დაკავება მოითხოვა, რომლებიც ძეგლის ჩამოგდებაში მონაწილეობდნენ.
„ვაშინგტონის პოლიცია არ ასრულებს საკუთარ საქმეს, როდესაც ისინი უყურებენ, როგორ ამხობენ და წვავენ ძეგლს. ეს ადამიანები დაუყოვნებლივ უნდა დააკავონ. სირცხვილი ჩვენს ქვეყანას“, – წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერში“.