ვან გაალი ნაკრებისადმი მეტ პატივისცემას ითხოვს - მხოლოდ მეოთხედფინალში გასვლა თუ გახარებს, მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებ #1TVSPORT
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ეკვადორთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ ნიდერლანდების ნაკრები ამ ქვეყნის მედიის კრიტიკის ობიექტი გახდა. ამის შესახებ კომენტარი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა გააკეთა და მედიას მოუწოდა, წარმატებული ნაკრების მიმართ მეტი პატივცისცემა გამოავლინონ.
მანამდე ვან გაალმა განაცხადა, რომ ნიდერლანდების ნაკრების მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაა.
„კრიტიკას ვეთანხმები, მაგრამ 17 მატჩი არ წაგვიგია და თუ გოლების სხვაობასაც დააკვირდებით, ვფიქრობ, ჩვენი გუნდი პატივისცემას იმსახურებს.
იმედია, ამ შედეგის გამო გუნდზე ზეწოლა არ იქნება. მაგრამ მიზანი ყოველთვის უნდა იყოს დასახული. თუ არ დაისახავ მიზანს და იტყვი, რომ მეოთხედფინალში გასვლა გაგახარებს, მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებ.
ჩვენ არასდროს გვითქვამს, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებოდით. მე ვთქვი, რომ ამის შანსი გვაქვს და ფეხბურთელები ამაში დარწმუნებულნი არიან. თუ გსურს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება, ნებისმიერი მეტოქის დამარცხება უნდა შეგეძლოს“, – ციტირებს ვან გაალის სიტყვებს ინტერნეტ-პორტალი Goal-ი.
29 ნოემბერს ნიდერლანდების ნაკრები ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში კატარს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 18:50 საათზე დაიწყება.