„ვალენსიენმა“ ჯოვინო ფლამარიონი ოფიციალურად წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT
„ვალენსიენმა“ ჯოვინო ფლამარიონი ოფიციალურად წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ გუნდის ლიდერსა და ბოლო წლების საუკეთესო მოთამაშეს, ჯოვინო ფლამარიონს დაემშვიდობა, რომელიც კარიერას საფრანგეთში, ლიგა 2-ის „ვალენსიენში“ გააგრძელებს.

„ბათუმის „დინამოდან“ ჯოვინო ფლამარიონი ჩამოვიდა და კლუბში 96-ნომერიანი მაისურით ითამაშებს“ – ინფორმაციას „ვალენსიენის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ჯოვინო ბათუმის „დინამოს“ 2017 წელს შეუერთდა და მას შემდეგ მხოლოდ ერთი წელი გაატარა სხვა გუნდში (ვოლგოგრადის „როტორში“). 27 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ქართულ კლუბში 200 მატჩი ჩაატარა, 88 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა გააკეთა.

2021 წლის ბოლოს ფლამარიონმა საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, მაგრამ ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია. ორჯერ გახდა ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი (2022, 2023), ხოლო სამჯერ – ეროვნული ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა (2019, 2022, 2023).

ჯოვინოს ბათუმის „დინამოსთან“ ხელშეკრულება 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით აკავშირებდა. თავიდან იყო ლაპარაკი მის ისრაელში გადასვლაზე, მაგრამ საბოლოოდ ეს ტრანსფერი ჩაიშალა.