ვახტანგ ხმალაძე - საარჩევნო სუბიექტის მიერ კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობა მედიას არ უნდა დაეკისროს
ვახტანგ ხმალაძე - საარჩევნო სუბიექტის მიერ კანონდარღვევაზე პასუხისმგებლობა მედიას არ უნდა დაეკისროს

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დღეს წინასაარჩევნო პერიოდში რეკლამის განთავსებისა და დებატების საკითხებზე ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე კონსტიტუციონალისტმა, ყოფილმა დეპუტატმა, ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა.

მისი თქმით, უმრავლესობის მიერ წარდგენილ „საარჩევნო კოდექსის“ ცვლილებების პროექტში ეს პრობლემური თემებია.

„აქაც არის პრობლემური თემები. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული, დაცულია თუ არა პროპორციულობა ანტირეკლამისა რეკლამასთან და ა.შ. აქ არის საკითხები, რომელიც არ არის მედიასაშუალების გადასაწყვეტი, მაგალითად, შეფასება იმისა, არის თუ არა გამოყენებული სიძულვილის ენა, დარღვეულია თუ არა კანონის ესა თუ ის ნორმა, ეს არის სასამართლოს შესაფასებელი. შესაბამისად, მედიას არ უნდა დაეკისროს ფაქტობრივად ცენზორის როლი და შესაბამისად, მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა. თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა დაარღვია კანონი, ამაზე საარჩევნო სუბიექტმა უნდა აგოს პასუხი და არა მედიასაშუალებამ“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ორდღიანი შეხვედრა დრეს გრძელდება. გუშინ შეხვედრის დაწყებამდე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგი გამართა და უმრავლესობის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში მომზადებული ცვლილებების პროექტი წარადგინა. ცვლილებები შეეხება პარტიების დაფინანსების წესს, უფასო საეთერო დროს, ბიულეტენის ნამდვილობის შემოწმების წესსა და სხვა საკითხებს. ამასთან, „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტით, პოლიტიკური პარტიის ანტირეკლამა სარეკლამო რგოლის 25 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

დატოვე კომენტარი