უზარმაზარი მომაკვდავი ვარსკვლავი ჩვენი მზის სიკვდილის წინასწარ ხილვის შანსს გვაძლევს
უზარმაზარი მომაკვდავი ვარსკვლავი ჩვენი მზის სიკვდილის წინასწარ ხილვის შანსს გვაძლევს

პატარა დათვის თანავარსკვლავედის ჩრდილოეთ ნაწილში ერთი ვარსკვლავი კვდება. ეს პროცესი სულაც არ არის მშვიდი.

წარმოქმნილი შოკური ტალღები ვარსკვლავს გარე ფენების მატერიას მიმდებარე სივრცეში ტყორცნის. ეს პროცესი საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ის, რაც რამდენიმე მილიარდი წლის შემდეგ ჩვენს მზეს ელოდება.

ეს გახლავთ წითელი გიგანტი ვარსკვლავი სახელად პატარა დათვის T. ასტრონომებმა დაადგინეს, რომ სულ ახლახან მან ამოაფრქვია თერმული პულსი, რომელიც მხოლოდ ყოველ 10 000-100 000 წელიწადში ერთხელ ხდება.

ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ასტრონომის, მერიდით ჯოისის განცხადებით, ეს ის უიშვიათესი შემთხვევა იყო, როცა ადამიანები ბებერი ვარსკვლავისთვის დამახასიათებელ აქტივობას პირდაპირ დავაკვირდით.

პატარა დათვის T ამჟამად იმყოფება ვარსკვლავის სიცოცხლის განსაკუთრებულ ფაზაში, რომელსაც ასიმპტომურ გიგანტურ შტოს უწოდებენ (AGB). ეს გახლავთ ევოლუციური ეტაპი, რომელიც დამახასიათებელია მზეზე რვაჯერ მასიურ ვარსკვლავთათვის.

ამ მომენტიდან ვარსკვლავი უკვე წითელი გიგანტია. მის ბირთვს უკვე ამოწურული აქვს წყალბადი და დარჩენილი აქვს მხოლოდ ნახშირბადი და ჟანგბადი. AGB-ის ეტაპის ადრეულ წერტილში, ბირთვის გარშემო არსებულ ქერქში ჰელიუმი ნახშირბადად სინთზირდება.

როცა ჰელიუმი ამოიწურება, ვარსკვლავის გარშემო არსებული წყალბადის ქერქი სინთეზირდება ჰელიუმად და ჰელიუმის ქერქს იქამდე ავსებს, ვიდრე ის ფეთქებადად აენთება და კვლავ ნახშირბადად სინთეზს დაიწყებს. ამ მოვლენას თერმულ პულსს უწოდებენ და ასევე ცნობილია ჰელიუმის ქერქის ანთების სახელით; პროცესი შეიძლება რამდენიმე ასეულ წელიწადს გაგრძელდეს.

პატარა დათვის T-ს ასტრონომები უკვე ასი წელია გულდასმით აკვირდებიან და სათუთად აღრიცხავენ მისი სინათლის რყევებს. 1979 წლამდე ეს რყევები საკმაოდ მტკიცე იყო და 310-315 დღე გრძელდებოდა.

თუმცა, 1979 წელი გარდამტეხი წერტილი აღმოჩნდა — ვარსკვლავის პერიოდი დრამატულად, 274 დღემდე შემცირდა და კლება სტაბილურად გაგრძელდა.

1995 წელს ასტრონომები ვარაუდობდნენ, რომ ეს უცაბედი ცვლილება ჰელიუმის ქერქის ანთებით იყო გამოწვეული.

ახლახან, ჯოისმა და მისმა კოლეგებმა ათწლეულობით დაკვირვების შემდეგ განსაზღვრეს, რომ სიტუაცია მართლაც ასეა. გასული 30 წლის განმავლობაში ისინი აკვირდებოდნენ, როგორ მცირდებოდა ვარსკვლავი ზომაში, იკლებდა ტემპერატურა და სიკაშკაშე.

ამ ყველაფერმა მათ ვარსკვლავის შესახებ ბევრი რამის გარკვევის შესაძლებლობა მისცა. როგორც მათ დაადგინეს, ის დაახლოებით 1,2 მილიარდი წლისაა და თავდაპირველად ორი მზის მასა ჰქონდა.

რამდენიმე მილიონი წლის წინ ვარსკვლავი სიკვდილის ფაზაში შევიდა და ცოტა ხნის წინ დაფიქსირებული პულსი არის დაახლოებით 20-24-ე; სულ მოსალოდნელია 25-30 ასეთი პულსი, რის შემდეგაც ქერქი მატერიას ამოწურავს და ვარსკვლავის ბირთვი სულ რაღაც რამდენიმე ათას წელიწადში გარდაიქმნება თეთრ ჯუჯად.

დაახლოებით 5 მილიარდ წელიწადში, სწორედ ასეთი ბედი ელოდება ჩვენს მზესაც.

ის გაიბერება, დრამატულად შემცირდება სიმკვრივე, გადაყლაპავს შიდა პლანეტებს, თავის გარე ფენების მატერიას კი კოსმოსში გატყორცნის და წარმოქმნის პლანეტურ ნისლეულს. მზეს არ გააჩნია იმდენი მასა, რომ სუპერნოვად აფეთქდეს, ჩვენი ვარსკვლავი საკმაოდ მშვიდად მოკვდება, მისგან დარჩენილი თეთრი ჯუჯა კი თანდათან დაკარგავს თერმულ ენერგიას და საბოლოოდ, გადაიქცევა კოსმოსში მოფარფატე ცივ, ბნელ, მკვდარ ნამსხვრევად.

ამ დროს ჩვენ უკვე აღარ ვიქნებით, მაგრამ ეს პროცესი შეგვიძლია ახლა ვიხილოთ პატარა დათვის T-ს მაგალითზე, რომლის ცვლილებებიც იმდენად დრამატულია, რომ რეალურ დროში ვაკვირდებით.

კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია anu.prezly.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.