ურსულა ფონ დერ ლაიენი ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის შეთანხმებას საფრანგეთის მიმართ მიუღებელ დამოკიდებულებად აფასებს
ურსულა ფონ დერ ლაიენი ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის შეთანხმებას საფრანგეთის მიმართ მიუღებელ დამოკიდებულებად აფასებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის შეთანხმებას საფრანგეთის მიმართ მიუღებელ დამოკიდებულებად აფასებს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა „სიენენისტელეწამყვან ქრისტიან ამანპურთან ინტევრიუში განაცხადა. ინტერვიუს ნაწყვეტს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„არსებობს ბევრი ღია კითხვა, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს. ჩვენს ერთ-ერთ წევრს მიუღებლად მოექცნენ და ჩვენ გვსურს, გავიგოთ, რა მოხდა და რატომ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ავსტრალიას, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული შეთანხმება ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც განიხილეს. მანამდე კი ნიუ იორკში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრ მარის პეინს შეხვდა. ბორელის თქმით, წყნარი ოკეანის რეგიონში საჭიროა უფრო მეტი კოორდინაცია, მეტი თანამშრომლობა და ნაკლები ფრაგმენტაცია.

„მე შეხვდი ავსტრალიელ კოლეგას, საგარეო საქმეთა მინისტრ მარი პეინს. ბუნებრივია, მე დავინტერესდი შეთანხმებასთან დაკავშირებით კონსულტაციების არარსებობის მიზეზებით. მე განვაცხადე, რომ ეს ალიანსი გამორიცხავს ევროპელ პარტნიორებს, რომლებსაც აქვთ ძლიერი პოზიციები წყნარი ოკეანის რეგიონში, როგორც ეს საფრანგეთის შემთხვევაშია. მე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ რეგიონში არსებული გამოწვევები საჭიროებს თანამოაზრე პარტნიორების მეტ თანამშრომლობასა და კოორდინაციას. რა თქმა უნდა, ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი და აშშ არიან ევროკავშირთან თანამოაზრე პარტნიორები. საჭიროა უფრო მეტი თანამშრომლობა, მეტი კოორდინაცია და ნაკლები ფრაგმენტაცია“, – განაცხადა ჟოზეფ ბორელმა, რომლის თქმითაც, სამი ქვეყნის მიერ შეთანხმების გამოცხადება ევროკავშირისთვის მოულოდნელობა იყო.

უსაფრთხოების სფეროში ახალი პარტნიორობის შექმნის შესახებ აშშ-მა, ავსტრალიამ და ბრიტანეთმა 15 სექტემბერს განაცხადეს. შეთანხმების ფარგლებში, ავსტრალია, აშშ-ისა და ბრიტანეთის დახმარებით, სულ მცირე რვა წყალქვეშა ნავის აგებას აპირებს, რომლებიც ბირთვული ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი.

სამმხრივი ხელშეკრულების გამო, ავსტრალიამ საფრანგეთთან გაფორმებული ხელშეკრულება გააუქმა, რასაც პარიზში „ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდეს.