უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩერკასის ოლქში ჰუმანიტარული დახმარების მიტაცების მასშტაბური სქემა გამოავლინეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ჩერკასის ოლქში ჰუმანიტარული დახმარების მიტაცების მასშტაბური სქემა გამოავლინეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ჩერკასის ოლქში ჰუმანიტარული დახმარების მიტაცების მასშტაბური სქემა გამოავლინეს. როგორც უკრაინული მედია უწყებაზე დაყრდნობით წერს, ადგილობრივი მოხელეები უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი 1 000-ზე მეტი ჯავშანჟილეტის რეალიზებას გეგმავდნენ. აღჭურვილობის უკანონო გაყიდვის შემთხვევაში, მიღებული თანხა შესაძლოა, 12 მილიონ გრივნაზე მეტი ყოფილიყო.

უკრაინული მედიის ცნობით, ჯავშანჟილეტები ჩერკასის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციას ერთ-ერთმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ გადასცა. თუმცა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, არაკეთილსინდისიერი ჩინოსნები არჭურვილობის მათთან დაკავშირებული კომერციული სტრუქტურებისა და სუპერმარკეტების ქსელის საშუალებით გაყიდვას შეეცადნენ. უსაფრთხოების სამსახურმა გამოააშკარავა დანაშაულებრივი სქემა და სავაჭრო ქსელებიდან ჯავშანჟილეტების ნაწილი ამოიღო. მიმდინარეობს საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებები მართლსაწინააღმდეგო სქემასთან დაკავშირებული პირების გამოსავლენად.

როგორც გამოცემა „უნიანი“ წერს, ეს ჰუმანიტარული დახმარების გაყიდვის მცდელობის პირველი შემთხვევა არ არის. მაისის დასაწყისში ლვოვში დააკავეს სახელმწიფო საოლქო ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი და ჟურნალისტი. აპრილში კი ლვოვის ოლქში ერთ-ერთი ქალაქის მერის მოადგილე დააკავეს, რომელიც მოხალისე პირისგან ქრთამს ითხოვდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის საქალაქო საბჭოსთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით გადაცემული ავტობუსის გაგზავნისთვის.