უკრაინის უმაღლეს რადაში მიიღეს განცხადება, რომლითაც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადების განსაზღვრას მოითხოვენ
უკრაინის უმაღლეს რადაში მიიღეს განცხადება, რომლითაც უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადების განსაზღვრას მოითხოვენ

უკრაინის უმაღლესი რადა მოითხოვს, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადები განისაზღვროს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომლითაც უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ქვეყნების პარლამენტებს მიმართეს.

განცხადების მიღებას მხარი დაუჭირა 282-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი წავიდნენ მხოლოდ „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ წარმომადგენლები.

„უმაღლესი რადა მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, სხვა ქვეყნების მთავრობებს და პარლამენტებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების საპარლამენტო ასამბლეებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის ევროპული პერსპექტივის აღიარებას და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული ვადებისა და მოდელის განსაზღვრას“, – ნათქვამია განცხადებაში.

უმაღლეს რადაში აცხადებენ, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ქვეყნის კონსტიტუციაში ჩაწერილი. განცხადების ავტორები ასევე მიუთითებენ, რომ უკრაინის მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.

უკრაინის პარლამენტის მიმართვაში ასევე ხაზგასმულია ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მკაფიოდ ამბობს, რომ უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი.

ამასთან, უკრაინის პარლამენტის წევრები მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, დაგმონ რუსეთის ქმედებები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ არის მიმართული.