უკრაინის რადამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დაუჭირა
უკრაინის რადამ მხარი დაუჭირა პრეზიდენტის მიმართვას მსოფლიო პატრიარქისადმი. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტს ხმა 334-დან 268 დეპუტატმა მისცა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მსოფლიო პატრიარქ ბართლომეს თხოვნით მიმართა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭება მოითხოვა. უკრაინის პრეზიდენტმა წერილი მსოფლიო პატრიარქთან 17 აპრილს გაგზავნა.
„ეს იქნება არა მხოლოდ მართლმადიდებლობის გამარჯვება, არამედ ეს იქნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენის ფაქტი“, – წერია პრეზიდენტის წერილში.
პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ხელს შეუწყობს რელიგიური ტოლერანტობისა და მრავალკონფესიური საზოგადოების განმტკიცებას.
უკრაინაში მე-20 საუკუნიდან ორი მართლმადიდებელი ეკლესია არსებობს: ერთი, რომელიც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილია, ხოლო მეორე ეკლესიას თვითგამოცხადებული ავტოკეფალია აქვს, რომელი ჯერჯერობით სხვა ავტოკეფალურ ეკლესიათა მიერ აღიარებული არაა. ამ აღიარებას კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მოსკოვის საპატრიარქო.