უკრაინის პრეზიდენტმა საპარლამენტო ჯგუფებთან „შტაინმაიერის ფორმულა“ განიხილა
უკრაინის პრეზიდენტმა საპარლამენტო ჯგუფებთან „შტაინმაიერის ფორმულა“ განიხილა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში საპარლამენტო ფრაქციების ლიდერებთან ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა განიხილა. მოგვიანებით, ზელენსკიმ აღნიშნულ საკითხზე პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის სხდომაზე იმსჯელა.

შეხვედრების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, პირველ ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამმხრივი საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე უკრაინულმა მხარემ ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენლის, მარტინ საიდიკის წერილს უპასუხა, რომ ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას ათანხმებს.

მინსკში შეხვედრის შემდეგ, ეუთო-ს წარმომადგენელმა, მარტინ საიდიკმა გაავრცელა განცხადება, რომ უკრაინა „შტაინმაიერის ფორმულას“ დაეთანხმა. კიევში ამ ინფორმაციას უარყოფენ. უკრაინის მთავრობაში აცხადებენ, რომ შესაბამის საკითხზე მოლაპარაკება გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა დონბასში არჩევნების ჩატარებასა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიისთვის სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ე.წ. შტაინმაიერის ფორმულაზე მინსკის საკონტაქტო ჯგუფის ყველა მხარის ხელმოწერას აქვეყნებს. დოკუმენტს უკრაინის წარმომადგენელი ლეონიდ კუჩმა, რუსეთის წარმომადგენელი ბორის გრიზლოვი, ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი მარტინ საიდიკი, ასევე ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წარმომადგენლები ნატალია ნიკონოროვა და ვლადისლავ დეინეგო ცალცალკე აწერენ ხელს. ტექსტში ნათქვამია, რომ მხარეები იღებენ ამ ფორმულის ტექსტს.

გავრცელებული ტექსტიდან ირკვევა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეული რაიონების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ კანონი არჩევნების დღეს, 20:00 საათიდან დროებით უნდა ამოქმედდეს. დოკუმენტის მიხედვით, კანონი საბოლოოდ მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ეუთო არჩევნებს სამართლიანად, საერთაშორისო და დემოკრატიული სტანდარტების, ასევე უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარებულად აღიარებს.