„უოლ სთრით ჯორნალი“ – აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ირანს კვლავ 2500-მდე ბალისტიკური რაკეტა აქვს, რაც ტრამპის მტკიცებებს ეწინააღმდეგება
ირანს კვლავ 2500-მდე ბალისტიკური რაკეტა აქვს, რაც ტრამპის მტკიცებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ სტატიას „უოლ სთრით ჯორნალი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების შეფასებით, ირანს არსენალში 1500-დან 2500-მდე ბალისტიკური რაკეტა აქვს, რაც თეირანს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს, თავს დაესხას აშშ-ისა და მოკავშირეების სამიზნეებს, თუ ომი განახლდება.
მაღალჩინოსნებმა ამერიკულ გამოცემას ასევე განუცხადეს, რომ რაკეტების ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, თუმცა აშკარაა, რომ ირანის რეჟიმს კვლავ დიდი რაოდენობით რაკეტები აქვს.
გამოცემა წერს, რომ გასულ კვირას ირანმა ახალი მიწისქვეშა „სარაკეტო ქალაქი“ წარმოადგინა. იმ დროს დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა მოიყვანეს დაზვერვის ანგარიშები, რომლებშიც ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ირანის ჩვეულებრივი სამხედრო ძალები ძირითადად განადგურდა აშშ-ისრაელის ერთობლივი საჰაერო კამპანიის შედეგად, ქვეყანას სავარაუდოდ, სულ მცირე, 1700 ბალისტიკური რაკეტა დარჩა და თვეში 50-ზე მეტს ამზადებს.
„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ირანის სარაკეტო შესაძლებლობების აღდგენა ტრამპის ადმინისტრაციაში ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განახლების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს. ვაშინგტონი ამ ეტაპზე თეირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაგრძელებას ამჯობინებს, მაშინ, როდესაც ისრაელი მას სამხედრო მოქმედებების განახლებისკენ მოუწოდებს.