„ფორბსი“ – ევროპა უარს ამბობს რუსულ გაზზე, თუმცა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული აშშ-ზე

00:59, 16.11.2026

ევროპა უარს ამბობს რუსულ გაზზე, თუმცა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული აშშ-ზე, – ამის შესახებ „ფორბსი“ წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შვიდ კვირაზე ნაკლებ დროში ევროპის ბოლო გრძელვადიანი კონტრაქტები რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე იწურება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ქვეყანა კვლავ დაინტერესებულია რუსული გაზით, ევროკავშირმა მისი შესყიდვა აკრძალა.

„ფორბსის“​ თანახმად, ევროპას მოუწევს თავისი პრინციპების საფასურის შესწავლა, ვიდრე აშშ გააგრძელებს რუსული საწვავის შეძენას, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროპული ქვეყნები შეძლებენ ამერიკული ენერგორესურსების გარეშე ცხოვრებას.

გამოცემის მონაცემების მიხედვით, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთი ევროკავშირს წელიწადში 152 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწვდიდა, რაც ბლოკის იმპორტის დაახლოებით 45 პროცენტს შეადგენდა. 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი 36 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ანუ 12 პროცენტამდე შემცირდა.

ამასთან, გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებმა დაახლოებით 6.7 მილიარდი დოლარი დახარჯეს რუსულ გაზზე და 7.6 მილიარდი დოლარი რუსულ თხევად ბუნებრივ აირზე, რაც კრემლისთვის მნიშვნელოვანი თანხაა. ახლა კი ევროკავშირი ამ მაჩვენებლის ნულამდე შემცირებას ცდილობს.

გამოცემა წერს, რომ 2025 წლის ივლისში აშშ-თან ხელმოწერილი სავაჭრო შეთანხმების თანახმად, ევროპამ აიღო ვალდებულება, შეიძინოს 750 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული ენერგია. 2026 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების 59 პროცენტი აშშ-ზე მოდიოდა.

„ფორბსის“ ცნობით, ევროპისთვის აშშ-ზე დამოკიდებულება, თეორიულად, ნაკლებად საშიში უნდა იყოს, რადგან მოკავშირისგან გაზის ყიდვა არ არის იგივე, რაც მისი ყიდვა იმ ქვეყნისგან, რომელიც მოკავშირეს ბომბავს. თუმცა, აშშ-თან ახალი შეთანხმება მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ვაშინგტონი მოკავშირის მსგავსად იმოქმედებს.

მსგავსი