უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.
არჩევნების შესახებ კანონის მიხედვით, ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელსაც უკვე შეუსრულდა 18 წელი. არჩევნების დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ეგზიტპოლები.
უკრაინის პრეზიდენტობისთვის 39 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ექსპრემიერი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო და კომიკოსი და მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი.
იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებში ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმათა 50 პროცენტზე მეტს, მეორე ტური დაინიშნება. თუ ეს ასე მოხდება, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ პოლიტოლოგებისა და ექსპერტების პროგნოზებით, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა პირველ ტურში სავარაუდოდ ვერ გამოვლინდება.
უკრაინაში მიმდინარე არჩევნებს ადგილიდან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებიც გააშუქებენ.