უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან კიბერთავდასხმა აიცილეს თავიდან
უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან კიბერთავდასხმა აიცილეს თავიდან

უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან კიბერთავდასხმა აიცილეს თავიდან. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, კიბერთავდასხმის სამიზნე ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ინფორმაციული ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობის ბლოკირება იყო.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, რუსულმა მხარემ ზაპოროჟიეში მცხოვრები ჰაკერი გადაიბირა, რომელმაც ფულადი კომპენსაციის სანაცვლოდ თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა. ჰაკერს უკრაინელი ჩინოვნიკებისათვის ჯაშუშური პროგრამით უზრუნველყოფილი, დაშიფრული ფაილები უნდა გაეგზავნა.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზაპოროჟიეში მცხოვრები ეჭვმიტანილისგან ჯაშუშური პროგრამით უზრუნველყოფილი ელექტრონული ინფორმაციის შემცველი ფაილები და „რუს კურატორებთან“ მიმოწერის დამადასტურებელი მასალები ამოიღეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ეჭვმიტანილს სახელმწიფო ღალატის მუხლით გასამართლება ემუქრება.