უკრაინამ სამი ზღვის ინიციატივის მონაწილე-პარტნიორის სტატუსი მიიღო. ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ რიგაში, სამი ზღვის ქვეყნების სამიტზე განაცხადა. სტრატეგიული პარტნიორობისგან განსხვავებით, რომელიც აკავშირებს ტრიმორის ქვეყნებს აშშ-სთან, ბრიტანეთთან ან ევროკომისიასთან, პარტნიორობის ახალი ფორმა მიმართულია ევროკავშირის პოტენციური წევრი ქვეყნებისთვის.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ სპეციალური ახალი ტიპის პარტნიორობა სამი ზღვის ინიციატივასთან – გარდა სტრატეგიული პარტნიორობისა – პარტნიორობა მონაწილეობით. ეს არის ახალი ტიპის პარტნიორობა, რომელიც განკუთვნილია არა მხოლოდ უკრაინისთვის. დღეს ჩვენ ის უკრაინას მივეცით, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ იგივე პარტნიორობა შეიძლება, გაიზიარონ იმ ქვეყნებმა, რომლებიც არიან ცენტრალურ ევროპაში და არ არიან ევროკავშირის წევრები, მაგრამ ცდილობენ გაწევრიანებას“, – განაცხადა დუდამ.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე იქნებიან, შეძლებენ, მიმართონ სამი ზღვის ინიციატივას პარტნიორობის ამ ფორმატზე. დუდამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამი ზღვის ინიციატივის ყველა ქვეყანა მხარს უჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სტუმრად იყო მიწვეული სამი ზღვის სამიტში, ვიდეო ბმულით განაცხადა, რომ უკრაინა სამი ზღვის ინიციატივის სრულუფლებიანი წევრი უნდა გახდეს.
სამი ზღვის ინიციატივა დაარსდა 2016 წელს დუდასა და მისი მაშინდელი ხორვატი კოლეგის, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩის მიერ, როგორც ევროკავშირის ცენტრალური ევროპის ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმა. ინიციატივის შემადგენლობაში ევროკავშირის 12 ქვეყანა შედის, რომლებიც ცენტრალურ ევროპაში მდებარეობენ და ასევე ადრიტიკის, ბალტიის და შავი ზღვების სანაპიროებზე აქვთ გასასვლელი. სახელწოდებაც სწორედ აღნიშნულ სამ ზღვას უკავშირდება.