უიმბლდონის ფინალში სერენა უილიამსი და კერბერი ითამაშებენ
უიმბლდონის ფინალში სერენა უილიამსი და კერბერი ითამაშებენ

უიმბლდონის ქალთა ტურნირზე 2016 წლის ფინალის რემატჩი შედგება – სერენა უილიამსი ანჟელიკ კერბერის წინააღმდეგ. ამერიკელმაც და გერმანელმაც ძალიან იოლად მოიგეს თავიანთი ნახევარფინალები.

სერენა გერმანელ იულია გორგესს ხვდებოდა. პირველი სეტის თანაბარი დასაწყისის შემდეგ, უილიამსმა ზედიზედ ოთხი გეიმის აღება მოახერხა და სეტებში დაწინაურდა.
მეორე პარტიაში გორგესი უფრო მეტად გაუძალიანდა ლეგენდას – მოახერხა საპასუხო ბრეიკის შესრულება და 3:5-ზე მატჩზე არ ჩააწოდებინა უილიამსს, მაგრამ იქვე ამერიკელმა მატჩში მეოთხე ბრეიკი შეასრულა და საათსა და 12 წუთში 6:2, 6:4 მოიგო.

უილიამსი მეათედ გავიდა უიმბლდონის ფინალში და 30-ედ “დიდი სლემის” ტურნირების ფინალში.

კიდევ უფრო ნაკლები დრო – 67 წუთი დასჭირდა ანჟელიკ კერბერს ლატვიელი ელენა ოსტაპენკოს დასამარცხებლად – 6:3, 6:3.
ბრძოლა მხოლოდ პირველი სეტის საწყის ექვს გეიმში იყო, რის შემდეგაც, კერბერმა 3:3-ზე ზედიზედ სამი გეიმი აიღო. მეორე სეტი მისი დიდი უპირატესობით დაიწყო და მალე 5:1 გახდა ანგარიში. ოსტაპენკომ მხოლოდ ამის შემდეგ გაიბრძოლა და ერთი უკუბრეიკის შესრულება შეძლო, მაგრამ მატჩი მაინც ვერ გადაარჩინა.

2016 წელს, უილიამსსა და კერბერს დიდი დაპირისპირება ჰქონდათ: უიმბლდონის ფინალი ამერიკელმა ორ სეტში მოიგო, მანამდე კი ავსტრალიის ღიას ფინალში გერმანელმა სძლია სერენას.