უიმბლდონი 2022 - ქართველების თითო მოგება და წაგება, ჯოკოვიჩის რეკორდი, ჩილიჩის კორონავირუსი - პირველი დღის ფაქტები [ვიდეო] #1TVSPORT
უიმბლდონი 2022 - ქართველების თითო მოგება და წაგება, ჯოკოვიჩის რეკორდი, ჩილიჩის კორონავირუსი - პირველი დღის ფაქტები [ვიდეო] #1TVSPORT

ქართველები

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის მეორე წრეში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ორი საათი და 50 წუთი ბრძოლის შემდეგ გატეხა ჩეხი ლუკაშ როსოლის წინააღმდეგობა – 6:7(4), 7:6(6), 3:6, 6:3, 6:3.

ბასილაშვილი ბევრს ცდებოდა ამ შეხვედრაში – 55 უნებლიე შეცდომა ჰქონდა, საიდანაც 11 ორმაგი იყო. გარდა ამისა, ნიკამ 16 ეისი დააგროვა და ათიდან ექვსი ბრეიკპოინტი გამოიყენა. მის მეტოქეს ცხრა ბრეიკპოინტი და ოთხი ბრეიკი ჰქონდა.

მეორე წრეში ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიოს 82-ე ჩოგანი, ფრანგი კუენტენ ჰალისი იქნება, რომელმაც პირველ წრეში ოთხ სეტში მოუგო თანამემამულე ბენუა პერს.

რაც შეეხება ეკატერინე გორგოძეს, მან უიმბლდონზე თავის სადებიუტო მატჩში ვერ გაუწია დიდი წინააღმდეგობა მსოფლიოს 43-ე ჩოგანს, რუმინელ ირინა ბეგუს და საათსა და 14 წუთში დამარცხდა – 4:6, 1:6. ქართველს ერთადერთი ბრეიკპოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა, მისმა მეტოქემ კი ათიდან ოთხი ბრეიკპოინტის რეალიზება შეძლო.

გორგოძემ პირველი მოწოდებით ქულების 54 პროცენტი მოიგო, მეორეთი – 39 პროცენტი, 11 „ვინერსი“ დააგროვა და 25 უნებლიე შეცდომა დაუშვა.

 

დღის თრილერი

ესპანელმა ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინამ ბრძოლას გამოთიშა ტურნირის მეშვიდე ნომერი ჰუბერტ ჰურკაჩი – 7:6(4), 6:4, 5:7, 2:6, 7:6(8).

იუნორთა უიმბლდონის ყოფილ გამარჯვებულს შეეძლო საქმე ხუთ სეტამდე არ მიეყვანა. ესპანელს 2:0 მიჰყავდა ანგარიში სეტებში და იგებდა მესამე სეტს – 5:3, 40:0. მაგრამ ჰურკაჩმა სამივე მატჩბოლი მოიგერია, სეტებში ანგარიში გაათანაბრა, მეხუთე სეტში ბრეიკით იგებდა და 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა, თუმცა დავიდოვიჩ-ფოკინამ მაინც შეძლო მოგება.

 

დღის რეკორდი

ბოლო სამი უმბლდონის გამარჯვებულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველ წრეში კორეელი სუნვუ კვონი დაამარცხა 6:3, 3:6, 6:3, 6:4.

სერბისთვის ეს იყო მე-80 მოგება უიმბლდონზე. ის პირველი ჩოგბურთელი გახდა ისტორიაში, ვისაც „დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირზე მინიმუმ 80 მოგება დაუგროვდა.

ჯოკოვიჩი უიმბლდონზე 2017 წლიდან არ აგებს.

დღის იმედგაცრუება

უიმბლდონის ყოფილი ფინალისტი მარინ ჩილიჩი მამაკაცთა ბადეს გამოაკლდა, რისი მიზეზიც კორონავირუსია. ხორვატი ცოტა ხნის წინ როლან გაროსის ნახევარფინალში თამაშობდა და უიმბლდონსაც კარგ ფორმაში ხვდებოდა, მაგრამ არ გაუმართლა.

 

დღის ჟესტი

ბრიტანელმა ჯოდი ბარეჯმა, რომელმაც პირველი წრის მატჩი წააგო უკრაინელ ლესია ცურენკოსთან, მატჩის მსვლელობისას დახმარება აღმოუჩინა ბოლბოის, რომელმაც ცუდად იგრძნო თავი. 23 წლის ჩოგბურთელმა ჯერ არც ისე გემრიელი ენერგეტიკული გელი მისცა ბიჭს, შემდეგ კი ტკბილეულიც დააყოლებინა…

სხვა ფაქტები

* როლან გაროსის ფინალისტმა კასპერ რუუდმა პირველ წრეში ესპანელი ალბერტ რამოსი დაამარცხა – 7:6, 7:6, 6:2. მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე რუუდმა ხუთი სეტბოლი მოიგერია, აქედან ოთხი ზედიზედ. კასპერისთვის ეს იყო პირველი მოგება უიმბლდონზე.

* მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა კარლოს ალკარასმა 1:2-დან მოუგო ოთხსაათიანი შეხვედრა გერმანელ იან-ლენარდ შტრუფს – 4:6, 7:5, 4:6, 7:6, 6:4. 19 წლის ესპანელისთვის ეს არის ექვსიდან მეხუთე მოგება ხუთსეტიან მატჩებში.

* კლასიფიკაციის მე-13 ნომერმა იანიკ სინერმა შვეიცარიელი ვეტერანი სტენ ვავრინკა დაამარცხა – 7:5, 4:6, 6:3, 6:2. იტალიელმა კარიერაში პირველად მოიგო მატჩი ბალახზე. მანამდე მას ოთხი ტურნირი ჰქონდა ჩატარებული ამ საფარზე და ყოველთვის პირველ წრეში მარცხდებოდა.