უეფა რუხის აკადემიაზე - ევროპის ჩემპიონატიდან მიღებულ შემოსავალს ისევ ფეხბურთში ვაბანდებთ
უეფა რუხის აკადემიაზე - ევროპის ჩემპიონატიდან მიღებულ შემოსავალს ისევ ფეხბურთში ვაბანდებთ

უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ზუგდიდიდს რაიონის სოფელ რუხში აშენებული საფეხბურთო აკადემიაზე წერილი გამოქვეყნდა.

„უეფა-ს დახმარებით საქართველოში კიდევ ერთი რეგიონალური საფეხბურთო აკადემია გაიხსნა. რუხის აკადემია უეფა-ს პროგრამა „ჰეთ-თრიქით“ დაფინანსებული პროექტების მხოლოდ ერთი მაგალითია. აღნიშნული პროგრამით უეფა ევროპის ჩემპიონატიდან მიღებულ შემოსავალს კვლავ ფეხბურთის განვითარებაში აბანდებს. პროგრამა სამი მიმართულებით ხორციელდება – ესენია ინვესტიცია, განათლება და ცოდნის გაზიარება. სწორედ აქედან წარმოიქმნა პროგრამის სახელი. „ჰეთ-თრიქის“ პროგრამა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაარსდა. ეს არის სოლიდარობისა და განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროგრამა, რომელიც ხორციელდება სპორტული ორგანიზაციის მიერ“, – წერია უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე.

„ჰეთ-თრიქის“ პროგრამის ფარგლებში, 2024 წლისთვის უეფა-ს ჯამში უკვე 2.6 მილიარდი ევრო ექნება გამოყოფილი თავისი 55 წევრი ასოციაციისთვის. პროგრამის უახლესი ციკლი 2020 წლის ივლისში დაიწყო და 4 წლის მანძილზე ევროპული ასოციაციებისთვის 775.5 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს.

ჰეთ-თრიქიდან“ მიღებული თანხები ევროპულ ასოციაციებს ეხმარება უეფა-ს სხვადასხვა პროგრამის განხორციელებაში, როგორიცაა მატჩების გარიგების საწინააღმდეგო ინიციატივები, კლუბების ლიცენზირების სისტემა, ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება, მასობრივი ფეხბურთი, ქალთა ფეხბურთი, ეროვნული სამწვრთნელო კურსები, მსაჯთა ტრენინგი, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები, ეროვნული ნაკრებების მგზავრობის ხარჯები, ასევე უეფა-ს ახალგაზრდული, ფუტსალის, ქალთა და მოყვარულთა შეჯიბრები.

„ევროპული ფეხბურთის კეთილდღეობისთვის „ჰეთ-თრიქის“ მნიშვნელობა განსაკუთრებით მაშინ გახდა ცხადი, როდესაც პანდემიამ სპორტი დროებით შეაჩერა. 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის გადადების მიუხედავად, უეფა-მ თავის წევრ ასოციაციებს იმის გარანტია მისცა, რომ ორგანიზაცია მის მიერ „ჰეთ-თრიქის“ ფარგლებში აღებულ ფინანსურ ვალდებულებებს შეასრულებდა. მეტიც, უეფა-მ 236.5 მილიონი ევრო ვადაზე ადრე გამოუყო თავის წევრებს, რათა მათ დახმარებოდა პანდემიასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავებაში“, – ვკითხულობთ უეფა-ს გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

რუხში საფეხბურთო აკადემიაში ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო, დამონტაჟდა თანამედროვე განათების სისტემა, ტრიბუნები და აშენდა 50 ადამიანზე გათვლილი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც არის სასადილო, სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები, სამრეცხაო, მსაჯისა და სამედიცინო ოთახები. ახალი საფეხბურთო ინფრასტრუქტურით სფფ-ის აკადემიის გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, სამოყვარულო და ქალთა ფეხბურთის გუნდებიც ისარგებლებენ.

რუხის საფეხბურთო აკადემიაში ამჟამად 2006-2007 წელს დაბადებული ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ემზადება, რომლებიც სამეგრელოს რეგიონში სელექციის შედეგად შეარჩიეს. ახალი სასწავლო წლიდან კი 40-მდე ფეხბურთელის მიღება იგეგმება.

სფფ-ის სხვა აკადემიების მსგავსად, რუხის აკადემია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ფინანსდება. შესაბამისად, ახალგაზრდა ფეხბურთელები აკადემიაში სრულიად უფასოდ ცხოვრობენ და საფეხბურთო და ზოგად განათლებას იღებენ.

სფფ-ის საფეხბურთო აკადემიები უკვე ფუნქციონირებს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურში, ლაგოდეხსა და რუსთავში. ამჟამად მიმდინარეობს ქუთაისის საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა.