ფეხბურთის ფედერაციის ახალი პროექტი - სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემია აშენდება
ფეხბურთის ფედერაციის ახალი პროექტი - სოფელ რუხში საფეხბურთო აკადემია აშენდება
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მორიგი საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა დაიწყო – ახალი აკადემია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, საოკუპაციო ხაზთან აშენდება.
 
ფეხბურთის აკადემიის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას ესწრებოდნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული თბილისის „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელები და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.
ლევან კობიაშვილმა სოფელ რუხის მცხოვრებლებს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ სრული ინფორმაცია გააცნო. 6.5 ჰექტარ ფართობზე, ბუნებრივსაფარიანი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი განთავსდება. დამონტაჟდება თანამედროვე განათების სისტემა და ტრიბუნები. აშენდება სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსი და გასახდელები.
აკადემიის ტერიტორიაზე, სიმბოლურად, სპეციალური კაფსულა ჩაეშვა. პროექტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სრული მხარდაჭერით ხორციელდება. ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სოფელ რუხის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება.
დღესვე, სოფელ რუხში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ეროვნული კატეგორიის С ლიცენზიის მქონე 36 მწვრთნელს უეფას (UEFA) შესაბამისი ლიცენზიები გადასცა.