ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 23-ე ტურის მორიგი შეხვედრა „რუსთავის“ დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილებმა გასვლაზე ბოლნისის „სიონი“ დიდი ანგარიშით დაამარცხეს.
ახალი მთავარი მწვრთნელის მისვლამ „რუსთავზე“ კარგად იმოქმედა. სოსიაშვილის გუნდი „სიონთან“ პირველივე ტაიმში ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ 26-ე წუთზე გახსნა, პაპუნა ფონიავამ კი 30-ეზე სხვაობა გაზარდა 0:2.
მეორე ტაიმში „რუსთავმა“ კიდევ ორჯერ აიღო მეტოქის კარი. თავი ოთარ მარცვალაძემ (59-ე წუთი) და ბექა ქავთარაძემ (64-ე წუთი, პენალტი) გამოიჩინეს და საბოლოოდ, რუსთაველებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს – 0:4.
ამ გამარჯვებით „რუსთავმა“ 25 ქულა დააგროვა და „ლოკომოტივს“ ბურთების სხვაობით გადაასწრო. „სიონი“ კი 20 ქულით მე-8 ადგილზე დარჩა.