„სიონი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა - სოსიაშვილმა ბოლნისი დატოვა #1TVSPORT
„სიონი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა - სოსიაშვილმა ბოლნისი დატოვა #1TVSPORT

უჩა სოსიაშვილი ბოლნისის „სიონის” მთავარი მწვრთნელი აღარ არის, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს.

„უჩა სოსიაშვილმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „სიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. მასთან ერთად გუნდს დაემშვიდობა მწვრთნელის თანაშემწე, თამაზ სამხარაძე. საფეხბურთო კლუბი „სიონი“ მადლობას უხდის სოსიაშვილს და სამხარაძეს გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებას უსურვებს“, – წერია „სიონის“ განცხადებაში.

სოსიაშვილმა „სიონი“ 2022 წლის მარტში ჩაიბარა, თავიდან გუნდს ხელი დაატყო და წინსვლაც ჰქონდა, მაგრამ ნოემბერში, სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე „სიონი“ 30 ქულით მე-9 ადგილზეა და დიდი ალბათობით, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად გადათამაშებაში მონაწილეობა მოუწევს.

სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილების მიზეზი 33-ე ტურში უშუალო კონკურენტ „გაგრასთან“ წაგება (1:2) გახდა, რომლითაც „გაგრამ“ ბოლნისელებს 3 ქულით გადაასწრო და მე-8 ადგილზე დაწინაურდა.

უჩა სოსიაშვილმა სამწვრთნელო კარიერა საფეხბურთო სკოლა „ავაზაში“ დაიწყო, 2013 წლის ივლისში „სამტრედიის“ მწვრთნელად დაინიშნა, სადაც იმავე წლის დეკემბრამდე იმუშავა. თბილისის „დინამოს“ მეორე გუნდის მწვრთნელად მას შემდეგ დაუძახეს, რაც დუშან უჰრინის გუნდიდან წასვლის შემდეგ მალხაზ ჟვანია გახდა მთავარი გუნდის მწვრთნელი, ხოლო შემდეგ მისი ადგილი დაიკავა.

„დინამოს“ მეორე გუნდთან ერთად პირველი ლიგის A ჯგუფში მესამე ადგილის დაკავება შეძლო – 2014 წლის მაისიდან გორის „დილას“ მწვრთნელის პოსტი დაიკავა და გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანა. შემდეგ იყო ისევ „სამტრედია“, „რუსთავი“, „სამგურალი“.