სოსიაშვილს წარმატებული დებიუტიც არ აკმაყოფილებს - ხორხელმა სადებიუტო გოლი გაიტანა #1TVSPORT
სოსიაშვილს წარმატებული დებიუტიც არ აკმაყოფილებს - ხორხელმა სადებიუტო გოლი გაიტანა #1TVSPORT

ბოლნისის „სიონში“ ახალი მთავარი მწვრთნელის დებიუტი წარმატებული გამოდგა. უჩა სოსიაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი ქულა ზესტაფონის „დავით აბაშიძე – არენაზე“ წყალტუბოს „სამგურალთან“ ეროვნული ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში ლუკა ხორხელის გოლით (1:1) მოიპოვა.

უჩა სოსიაშვილმა განვლილ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა – „სიონის“ მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდმა თამაში უნდა გააუმჯობესოს:

„შეხვედრა ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა. საკმაოდ სანახაობრივი და კარგი თამაში გამოვიდა. არც ერთი გუნდი არ ფიქრობდა, რომ გოლი არ გაეშვა, ორივე მოტივირებულები ვიყავით, რომ შეხვედრა მოგვეგო. ამის გამო მომენტები ორივე კართან იქმნებოდა. პირველ ტაიმში უფრო „სამგურალს“ გაუმართლა. მეორე ნახევარში ჩვენ უფრო ზევით ავიწიეთ და მეტოქე შევავიწროეთ, რამაც თავისი შედეგი გამოიღო. ერთ ეპიზოდში ვისარგებლეთ და გოლიც გავიტანეთ. ვფიქრობ, რომ ფრე „სიონისთვის“ დადებითი შედეგია. წინა თამაშები წაგებული გვქონდა, გასვლაზე კი „სამგურალს“ რომ ეთამაშები, რომელსაც მაღალი მიზნები და ამბიციები აქვს –  ქულის აღებას დადებითად ვაფასებ, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი, გუნდი უნდა განვითარდეს და მოუმატოს, თამაშის ხარისხი უნდა გავზარდოთ, ხოლო სანახაობრივი მხარე – გავაუმჯობესოთ“, – ამბობს უჩა სოსიაშვილი.

ლუკა ხორხელი, „სიონის“ ფეხბურთელი: „ძალიან დაძაბული შეხვედრა გამოვიდა. პირველ ტაიმში სწრაფი გოლი გავუშვით, მაგრამ მაინც ჩვენი გეგმით თამაშს ვაგრძელებდით და საბოლოოდ, ამან შედეგი მოგვიტანა. ეს ჩემთვის ეროვნულ ლიგაში პირველი გოლი იყო და ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდს ქულა მოვუტანე“.