U20 | საბა აბულაშვილი და შოთა თევზაძე ექვსი ერის მატჩებს განსჯიან #1TVSPORT
მსოფლიო რაგბიმ 2022 წლის ექვსი ერის მატჩების სამსაჯოდ კიდევ ორი ქართველი რეფერი მიიწვია. შოთა თევზაძე და საბა აბულაშვილი 20-წლამდელთა ტურნირის ორ-ორ თამაშზე იმუშავებენ – აქედან ერთში, თევზაძე მოედნის მსაჯი იქნება.
მთავარი მოვლენა 10 მარტს გაიმართება. მეოთხე ტურში უელსი საფრანგეთს უმასპინძლებს და მოედნის მსაჯი შოთა თევზაძე იქნება, საბა აბულაშვილი კი კიდიდან დაეხმარება. მეხუთე ტურში, 20 მარტს, ირლანდია შოტლანდიას ეთამაშება, თევზაძე და აბულაშვილი კი გვერდითი მსაჯები იქნებიან.
მსოფლიო რაგბი 20-წლამდელთა ტურნირებს, მათ შორის ექვს ერს განვითარების ჭრილში უყურებს, როგორც მოთამაშეების, ასევე მატჩის ოფიციალური პირების კუთხით. ყველა მსაჯი, რომელიც ამ ტურნირზეა მიწვეული, სამომავლოდ უფრო მაღალ დონეზე მოიაზრება.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ამაშუკელი 6 თებერვალს, 2022 წლის ექვსი ერის პირველ ტურში, საფრანგეთისა და იტალიის მატჩზე რეფერის პირველი ასისტენტი იქნება, ხოლო 27 თებერვალს, მესამე ტურში, ირლანდიისა და იტალიის შეხვედრას უკვე ცენტრში იმსაჯებს.