რაგბი | ექვსი ერის 2024 წლის გათამაშება ირლანდიის ნაკრებმა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

ირლანდიის მორაგბეთა ნაკრები ექვსი ერის 2024 წლის გათამაშების ჩემპიონია. ირლანდიელები ტურნირის გამარჯვებულები ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მეექვსედ გახდნენ.

მეხუთე ტურის შეხვედრაში ირლანდიამ საკუთარ მოედანზე შოტლანდია 17:13 დაამარცხა, 20 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ საფრანგეთს ხუთი ქულით გაუსწრო.

ირლანდიისა და შოტლანდიის მატჩი ძალიან დაძაბული გამოვიდა. პირველი ნახევარი მასპინძელთა გამარჯვებით 7:6 დასრულდა. მეორე ტაიმში „მწვანეები“ გააქტიურდნენ, გარდასახულ ლელოს ერთი გატანილი ჯარიმაც მიამატეს და კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. შოტლანდიამ საპასუხო ლელო მხოლოდ მატჩის მიწურულს დადო, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ჩემპიონმა ირლანდიამ ტურნირზე ოთხ მატჩში გაიმარჯვა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. მეოთხე ტურში ინგლისმა ირლანდიელთა ძლევა 23:22 მოახერხა.

ექვსი ერის 2024 წლის გათამაშებაში მესამე ადგილი ინგლისმა დაიკავა. მეოთხეზე იტალია გავიდა, რომელმაც, ბევრისთვის მოულოდნელად, ტურნირზე ორი შეხვედრა მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა. ბოლო ადგილზე უელსი დარჩა, უორენ გეთლანდის გუნდმა ხუთივე თამაში წააგო.