მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს #1TVSPORT
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს #1TVSPORT

გასულ კვირას ამერიკის ჯორჯიის შტატის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, სტივ მეისმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით, მსოფლიოს თასზე ამერიკელი ჯორჯიელები მხარს ევროპელ ჯორჯიელებს დაუჭერენ.

არამხოლოდ ოკეანის გაღმა, საქართველოს მსოფლიოს რაგბის ორგანიზაციიდანაც დიდი მხარდაჭერა აქვს. ამის შესახებ მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა საქართველოში ყოფნისასაც ილაპარაკა და AP-ისთან ინტერვიუშიც განაცხადა.

სარაგბო გეოგრაფიის გაფართოება მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის, ბილ ბომონტის საარჩევნო დაპირების ნაწილია. როგორც თავად განაცხადა, საერთაშორისო რაგბის კავშირი ჩაკეტილი კლუბი აღარ იქნება და ისეთ ქვეყნებსაც მოიცავს, როგორიც საქართველოა.

პრეზიდენტ ბომონტის მოლოდინები საქართველომ შარშან სრულად გაამართლა, როდესაც, ისტორიაში პირველად, ტიერ 1-ის ზედიზედ ორი ქვეყანა – იტალია და უელსი დაამარცხა. ამ სენსაციურ მატჩებამდე ბილ ბომონტი თავად ჩამოვიდა საქართველოში და საქართველოს რაგბის კავშირის საქმიანობა შეისწავლა.

„ძალიან შთამბეჭდავია, რასაც საქართველოს რაგბის კავშირი აკეთებს, მათ აქვთ სწორი ხედვა და რაგბი მსოფლიო მათ გვერდით იდგება, რომ ეს სვლა ფინიშის ნიშნულამდე წარმატებით მივიდეს“, – აღნიშნა მან.

გვერდში დგომაში მსოფლიო რაგბი, კონსულტაციითა და ტრენინგებით დახმარების გარდა, ქართული რაგბის დაფინანსების გაზრდასაც გულისხმობს, ხოლო რწმენას, რომ ყველაფერი გამოვა, მთავრობის, რაგბის კავშირისა და გულშემატკივრების ერთიანი ენთუზიაზმი აძლევს:

„საქართველოში ვნახე რაგბისადმი უდიდესი სამთავრობო მხარდაჭერა. ვფიქრობ, იმ პირობებში, როდესაც ასეთი მხარდაჭერაა ზედა სამთავრობო ეშელონებიდან და ქვედა დონეზეც ისეთი ორგანიზებულობაა, როგორსაც რაგბის კავშირში ვხედავ, ყველაფერი აუცილებლად გამოვა“, – თქვა პრეზიდენტმა ბომონტმა.

სამთავრობო მხარდაჭერის გარდა, რაგბის განვითარებაში კერძო სექტორიც სულ უფრო მეტად ერთვება. თუკი აქამდე ეს, ძირითადად, ფონდ „ქართუს“ და ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევა და 100 მილიონი დოლარის საქველმოქმედო ინვესტიცია იყო ინფრასტრუქტურაში, წელს მას „თიბისი ბანკიც“ განახლებული და ქართული სპორტისთვის უპრეცედენტო მასშტაბის სასპონსორო ხელშეკრულებით შეუერთდება.

მსოფლიო რაგბის სრულ მხარდაჭერას წარმატების გარანტიას უწოდებს სოსო ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი. მილიონიანი დაფინანსების გარდა, მისი თქმით, მსოფლიო რაგბი კადრების, მათ შორის მწვრთნელებისა და მსაჯების გადამზადებაში, ახალი თაობის მორაგბეთა აღზრდაში, მარკეტინგსა და დაგეგმარებაში მონაწილეობს, რასაც ქართული რაგბის ბოლოდროინდელ წარმატებებში ლომის წილი აქვს.

მსოფლიო რაგბმა უკვე განაცხადა, რომ უმაღლესი დონის საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს და ტიერ 2-ის სხვა ქვეყნების მეტი ჩართულობისთვის ახალი, გაფართოებული ტურნირების შექმნაზე მუშაობს. ვერსიებს შორის განიხილება ერთა თასი და ყოველწლიური საერთაშორისო ტურნირი 12 ქვეყნის მონაწილეობით, მათ შორის საქართველო და იაპონია უპირობო კანდიდატები არიან. ამ ახალი ტურნირის გამოცხადებას ანალიტიკოსები 2024 წლიდან ელიან.

რაგბის კავშირის პრესსამსახური