რაგბი | ისტორიაში პირველად - ქართველი მსაჯები ჩემპიონთა თასისა და „ჩელენჯ თასის“ შეხვედრებს განსჯიან #1TVSPORT
რაგბი | ისტორიაში პირველად - ქართველი მსაჯები ჩემპიონთა თასისა და „ჩელენჯ თასის“ შეხვედრებს განსჯიან #1TVSPORT

9 დეკემბერს ქართული საკლუბო რაგბისთვის ისტორიული სეზონი იწყება. „შავი ლომი“ „ჩელენჯ თასზე“ სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს – 17:00 საათზე თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ინგლისურ „გლოსტერს“ უმასპინძლებს.

ეს სეზონი ისტორიულია ასევე ქართველი არბიტრებისთვის – „ჩელენჯ თასისა“ და ჩემპიონთა თასის პირველი ორი ტურის შეხვედრებს ქართული სამსაჯო ბრიგადა განსჯის.

9 დეკემბერს ნიკა ამაშუკელი, საბა აბულაშვილი და შოთა თევზაძე „ჩელენჯ თასის“ პირველ ტურში ფრანგული „კასტრისა“ (რომლის ღირსებასაც ლევან ჩილაჩავა იცავს) და უელსის „სკარლეტსის“ შეხვედრას იმსაჯებენ. ეს გუნდები მესამე ჯგუფში „შავ ლომთან“ ერთად არიან და ქართულ გუნდს ორივე მათგანთან სტუმრად მოუწევს დაპირისპირება.

მეორე ტურში, 17 დეკემბერს ქართულ სამეულს დებიუტი ჩემპიონთა თასზე ექნება. პარიზში „სტად ფრანსე“ (სადაც ვასილ კაკოვინი, გიორგი მელიქიძე, სერგო აბრამიშვილი და გიორგი ცუცქირიძე თამაშობენ) „ლესტერ თაიგერსს“ შეხვდება.

ნიკა ამაშუკელი – „მსოფლიო თასის შემდეგ, რომელმაც დიდი ენერგია წაიღო, თუმცა სასიამოვნო მოგონებები დამიტოვა, ელიტურ რაგბიში ვბრუნდები. სასიამოვნო ჟესტია, რომ დეკემბრის თამაშებზე ბავშვობის მეგობრებთან – საბა აბულაშვილთნ და შოთა თევზაძესთან ერთად ვიმსაჯებ. განსაკუთრებული მოლოდინი გვაქვს ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირებიდან, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია ემოციურად.

ასევე, სასიამოვნოა, რომ ქართული სამსაჯო სკოლის მიმართ ნდობა იზრდება. ვეცდებით, თამაში უმაღლეს დონეზე ჩავატაროთ და მომდევნო ტურებშიც კარგი თამაშები ვიმსაჯოთ. ჩემპიონთა და „ჩელენჯ თასის“ შეხვედრები ტიერ 1-ის სანაკრებო მატჩებს არაფრით ჩამოუვარდება. აქ თამაშის ინტენსივობა, პრესისა და მაყურებლების მხრიდან წნეხი ისეთივეა, როგორიც უმაღლესი დონის სანაკრებო შეხვედრებში და საბას და შოთას განსხვავებულ ატმოსფეროში, მაღალ ინტენსივობასა და წნეხში მოუწევთ მუშაობა, რაც მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია“.