ტყვიის სროლა – სპორტის სახეობა, სადაც სპორტსმენები ერთმანეთს, სხვადასხვა სახის იარაღით, მიზანში სროლაში ეჯიბრებიან. ასპარეზობისას იყენებენ პნევმატურ, მცირეკალიბრიან და მსხვილკალიბრიან პისტოლეტებსა და შაშხანებს. ცალ-ცალკე დისციპლინებია პისტოლეტით სროლა, შაშხანით სროლა და შაშხანით სროლა მოძრავი მიზნისკენ.
სპორტული სროლა ჯერ კიდევ პირველ, ათენის ოლიმპიადაზე, 1896 წელს იქნა ოლიმპიურ დისციპლინად დადგენილი. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ოლიმპიური თამაშების სულის ჩამდგმელი პიერ დე კუბერტენი თავად იყო პისტოლეტით მსროლელი. დღეს ოლიმპიური დისციპლინები მოიცავს 6 სახეობის სხვადასხვა იარაღის სროლას სხვადასხვა სამიზნეებზე.
მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე ტყვიის სროლაში მედლების 13 კომპლექტი გათამაშდება. შეჯიბრს სემიონა ტიმოშენკოს სახელობის ტირი უმასპინძლებს.
საქართველოდან მინსკში 3 ტყვიის მსროლელი გაემგზავრება:
ნინო სალუქვაძე:
ოლიმპიური ჩემპიონი (1988 წელი სეული)
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი (1988 წელი სეული)
ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანი (2008 წელი პეკინი)
პირადსა და გუნდურში მსოფლიოს ექვსგზის ჩემპიონი
პირადსა და გუნდურში მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი და ბრინჯაოს პრიზიორი
ევროპის ჩვიდმეტგზის ჩემპიონი
32 მსოფლიო რეკორდის ავტორი
მსოფლიოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელი
2020 წელს მონაწილეობას მიიღებს მეცხრე ოლიმპიადაზე
ცოტნე მაჭავარიანი:
ახალგაზრდებში, გუნდურში, ევროპის ჩემპიონატის მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი
ჰოხბრიუკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული 2018
სერბეთის დიდი პრიზის მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი
საფრანგეთის გრან პრის ბრინჯაოს პრიზიორი 2019
ნინო ხუციბერიძე:
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი 2016
მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი 2018
ახალგაზრდებში სერბეთისა და საფრანგეთის დიდი პრიზების გამარჯვებული