ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა - შმაგი ბოლქვაძე ვერცხლის მედლის მფლობელია | მინსკი 2019 [ვიდეო]

28-ე მედალი საქართველოს ნაკრების წევრთაგან მინსკში მიმდინარე მეორე ევროპულ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ აიღო. ოლიმპიური თამაშებისა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორმა ბოლქვაძემ 67 კილოგრამი წონითი კატეგორიის ფინალში, რუსეთის წარმომადგენელ ზაურ კაბალოევს პირველი პერიოდი 1:0 მოუგო. სამწუხაროდ შეხვედრის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვალა. 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის პრიზიორმა რუსმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, შემდეგი კი ორი ქულით დაწინაურებაც მოახერხა და 24 წლის ქართველი საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა.

საგულისხმოა, რომ შმაგი ბოლქვაძე  მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დააჯილდოვა.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძემდე რამდენიმე წუთით ადრე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი უმსუბუქესი წონითი კატეგორიის წარმომადგენელმა მოუტანა. დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ.) „მცირე ფინალში“ 0:3 წაგებული პირველი პერიოდის შემდეგ მეორეში გათანაბრება შეძლო და ბოლოს აღებული ქულის გამო გამარჯვება და ბრინჯაოს მედალიც მას დარჩა.

ფინალური ბლოკის დაწყებამდე დღესვე ტურნირში დარჩენილი სამი წონითი კატეგორიის სპორტსმენები ჩაებნენ. იაკობ ქაჯაია (130 კგ.) ფინალში „სუფთა გამარჯვებით“ გავიდა, სადაც მისი მეტოქე მასპინძელთა ფალავანი, კირილ ჰრიშჩანკა იქნება. მეოთხედფინალამდე მივიდა, იქ კი ბელორუსი რადზიკ კულიეუს ბარიერი ვერ დაძლია ევროპის ჩემპიონმა და მსოფლიოს ჩემპიონატის ორგზის პრიზიორმა რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ.). ამის შემდეგ ფინალში ფინალში გასვლა ვერც კულიეუმ მოახერხა და ქართველმა სპორტსმენმა ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსიც დაკარგა.ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას აგრძელებს ტურნირში დღეს ჩართული კიდევ ერთი ქართველი რევაზ ნადარეიშვილი(97 კგ.). იგი პირველივე შეხვედრაში ტიტულოვან სომეხ სპორტსმენს, არტურ ალეკსანიანს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით -1:2 დამარცხდა. ალეკსანიანმა წარმატებით იასპარეზა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში და ნადარეიშვილს ბრინჯაოს მედლის აღების იმედი დაუტოვა. დამამშვიდებელ რაუნდში ქართველი ავსტრიის ნაკრების წევრს, დანიელ გასტლს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში ბექა როყვას გუნდისთვის მორიგი მედლის მოსაპოვებლად რეზო რუსეთის წარმომადგენელ ალექსანდრ გოლივინს დაუპირისპირდება.

ამ წონითი კატეგორიების დამამშვიდებელი რაუნდი სტარტს ხვალ, 30 ივნისს, თბილისის დროით 14:00 საათზე აიღებს. აქედან ერთ საათში კი დღეს დაწყებული სამივე წონითი კატეგორიის მედლები გათამაშდება.

დატოვე კომენტარი