თურქეთის ფეხბურთის ფედერაცია, კორონავირუსით გამოწვეული პაუზის შემდეგ, ქვეყანაში საფეხბურთო სეზონის გაგრძელებას აპირებს – ორგანიზაციის ხელმძღვანელს ძალიან ოპტიმისტური სცენარის სჯერა.
გასულ კვირას გადაწყდა, რომ სუპერ ლიგაში სეზონი 12 ივნისს დახურული მატჩებით განახლდებოდა. მაგრამ ცარიელი სტადიონების სტატუსი დიდხანს არ გაგრძელდება.
თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ნიჰატ ოზდემირის თქმით, თუ პირველ ეტაპზე ყველაფერი კარგად წარიმართება, მაშინ საზოგადოებისთვის სტადიონის გახსნის შესაძლებლობას განიხილავენ, რაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.
„ჩვენი მიზანი სეზონის დასრულებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემები შეგვექმნება. გვინდა, რომ სეზონი მოედანზე დასრულდეს. გუნდების მომზადების პერიოდში მოთამაშეებს ტესტები ხშირად უტარდებათ. თუ რაიმე შემთხვევა იქნება, ჩვენ ასეთ მოთამაშეს კარანტინში გავუშვებთ, ვარჯიშებს კი გავაგრძელებთ. არის ქვეყნები, რომლებიც ჩვენზე უარეს მდგომარეობაში არიან და მაინც განახლებისთვის ემზადებიან. პირველად უმაყურებლოდ ვითამაშებთ. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ივლისიდან სტადიონზე მაყურებელს შევუშვებთ,“ – განაცხადა ნიჰატ ოზდემირმა.