ტროპიკული შტორმის გამო, ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ტროპიკული შტორმის გამო, ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ტროპიკული შტორმის გამო, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლუიზიანას შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტროპიკულმა შტორმმა „ბარიმ“ ბოლო დღეებში მექსიკის ყურეში ძალები მოიკრიბა და კონტინენტს უახლოეს საათებში დაატყდება თავს.

ნიუ ორლეანში შტორმის მოახლოება უკვე იგრძნობა. აშშ-ის ქალაქში ძლიერ ქარბუქს და ცალკეულ ადგილებში წყალდიდობას ებრძვიან. ქვეყნის მეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, ტროპიკული შტორმის გამო შტატი გაცილებით დიდი რისკის წინაშე დგას. სწორედ ამიტომ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საშუალებით, ადგილობრივი ხელისუფლება საჭირო ზომების მიღებისთვის აუცილებელი ფედერალური რესურსების გამოყენებას შეძლებს.

ტროპიკული შტორმის მოახლოებასთან დაკავშირებით ლუიზიანას შტატის ცალკეულ ადგილებში ათასობით ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. რაც შეეხება ნიუ ორლეანს, ქალაქის მერს მოსახლეობის ევაკუაციის განკარგულება ჯერ არ გაუცია. თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო ადგილები უკვე გამოყოფილია.