ტრამპლინიდან ხტომაში გერმანია და პოლონეთი დომინირებს
ტრამპლინიდან ხტომაში გერმანია და პოლონეთი დომინირებს

ხუთშაბათს, პიონჩანგში მხტომელებმა HS109 (Normal Hill) ტრამპლინზე კვალიფიკაცია გამართეს. პირველი ადგილი 103 მეტრი სიგრძის ნახტომითა და 133.5 ქულით გერმანელმა ანდრეას ველინგერმა დაიკავა. მეორეზე გავიდა კამილ შტოხი პოლონეთიდან, რომელიც ამ დისციპლინაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია. ის 104 მეტრზე გადახტა და 131.7 ქულა დააგროვა. მესამეზე ასევე პოლონელი დავიდ კუბაცკია – 104.5 მეტრი და 129.6 ქულა.

პირველ ათეულში მოხვდა ოთხი გერმანელი და სამი პოლონელი, რითაც გუნდურ პირველობაში გერმანიისა და პოლონეთის ნაკრებები ძირითადი ფავორიტები იქნებიან.
დიდ ინტერესს იწვევდა ვეტერანი იაპონელის ნორიაკი კასაის გამოსვლა. ის თავის მერვე ოლიმპიადაში ჩაება და კვალიფიკაციაში მე-20 შედეგი აჩვენა – 98.0 მეტრი და 117.7 ქულა.
სულ 50 მხტომელი გადავიდა ფინალში. ამ დისციპლინაში გამარჯვებული 10 თებერვალს გამოვლინდება.