ტრამპი ყოფილ ადვოკატს აუდიოჩანაწერების გასაჯაროებისთვის მწვავედ აკრიტიკებს
ტრამპი ყოფილ ადვოკატს აუდიოჩანაწერების გასაჯაროებისთვის მწვავედ აკრიტიკებს

დონალდ ტრამპმა მისი ყოფილი ადვოკატი მაიკლ კოენი სოციალურ ქსელში მწვავედ გააკრიტიკა. კრიტიკის მიზეზი ის აუდიოჩანაწერი გახდა, რომელიც კოენმა ტელეკომპანია CNN-ს გადასცა. აუდიო მასალაზე კოენისა და ტრამპის საუბარია ჩაწერილი.

„რომელი ადვოკატი იკადრებს კლიენტის ჩაწერას უჩუმრად. ასეთი რამ აქამდე არც მსმენია. აუდიომასალაში მხოლოდ ის ნაწილია ჩაწერილი, რაც კოენს სჭირდებოდა.“ – წერს ტრამპი.

CNN-ის ინფორმაციით, აუდიომასალაში დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატი აშშ-ის ახლანდელ პრეზიდენტთან Playboy-ის ვარსკვლავ კარენ მაკდუგალის ფულით მოსყიდვის საკითხს განიხილავს. მოდელი მაკდუგალი ამტკიცებდა, რომ დონალდ ტრამპთან რომანი ჰქონდა იმ დროს, როცა იგი მელანიაზე უკვე დაქორწინებული იყო.

2018 წლის მარტში კარენ მაკდუგალმა პირდაპირი ეთერის დროს, CNN-ის სტუდიიდან აშშ-ის პირველ ლედის, მელანია ტრამპს მიმართა და ბოდიში მოუხადა.

მაკდუგალი ერთადერთი ქალი არ არის, რომელიც ამტკიცებს, რომ ტრამპთან რომანი ჰქონდა და ტრამპის ადვოკატი მას დუმილის სანაცვლოდ თანხას სთავაზობდა. იმავეს იმეორებს პორნო ვარსკვლავი სტეფანი კლიფორდი.

მანამდე, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ტრამპის ადვოკატმა კოენმა აღიარა, რომ იგი თანხის საშუალებით პორნოვარსკვლავის, სტეფანი კლიფორდის, იგივე “Stormy Daniels”-ის მოსყიდვას ცდილობდა. კლიფორდი ამტკიცებდა, რომ მას ტრამპთან რამდენიმე წლის წინ რომანი ჰქონდა.

ორივე ქალი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აცხადებს, რომ წლების წინ რომანის გასაიდუმლოებისთვის მათ ტრამპმა თანხა გადაუხადა. კლიფორდი დუმილის ფასად 130 ათასს ასახელებს, მაკდუგალი კი 150 ათასს. პორნოვარსკვლავმა კლიფორდმა მზადყოფნა გამოთქვა, ეს თანხა პრეზიდენტ ტრამპს უკან დაუბრუნოს.