„ტორპედომ“ „სამტრედია“ დაამარცხა - სოსიაშვილი სათადარიგოებშიც არ იყო
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მეხუთე ტური დასრულდა. ბოლო შეხვედრას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. მოქმედმა ჩემპიონმა „ტორპედომ“ გასული სეზონის მესამეადგილოსან „სამტრედიას“ უმასპინძლა.
სტუმრებს სამატჩო ოქმში მთავარი მწვრთნელის გრაფაში უჩა სოსიაშვილი ეწერათ, მაგრამ ის სათადარიგოთა სკამზეც არ იყო, სამტრედიელები კი მოედანზე მისმა ასისტენტმა, თამაზ სამხარაძემ გაიყვანა. არის თუ არა ეს მორიგი სამწვრთნელო გადადგომა, „სამტრედია“ ამაზე ჯერ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.
შეხვედრა კი დაძაბული გამოდგა და მისი ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა – 70-ე წუთზე ქუთაისელთა შემტევმა ნახევარმცველმა, ბექა ტუღუშმა ლევან კუტალიას გადაცემით „სამტრედიას“ კარი აიღო და „ტორპედომ“ 1:0 გაიმარჯვა.
ამ მოგებით, „ტორპედომ“ ცხრა ქულა დააგროვა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. „სამტრედია“ კი სამი ქულით ბოლო, მეათე ადგილზე დაქვეითდა.