ტოგრულ ისმაილი - ასადის არმია თებერვლის ბოლომდე უკან თუ არ დაიხევს, თურქეთი აქტიურ სამხედრო მოქმედებებზე გადავა [ვიდეო]

სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება კვლავ დაძაბულია. ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც თურქეთს, ირანსა და რუსეთს შორის სოჭში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ე.წ. დეესკალაციის ზონა მოეწყო, რამდენიმე კვირაა, შეტაკებებია. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბაშარ ასადის არმიამ იდლიბზე შეტევა წამოიწყო. იდლიბი გახლავთ ბოლო რეგიონი, რომელსაც სირიის ოპოზიცია აკონტროლებს. ამასთან, იდლიბზე გადის დამასკო-ალეპოს მაგისტრალი და ასადს მისი გაკონტროლება დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. იდლიბში საკუთარი ინტერესები აქვს თურქეთსაც. იდლიბში დისლოცირებულია სირიის ოპოზიციის შეიარაღებული შენაერთები, რომელთაც თურქეთი წვრთნის და ამარაგებს. ასადის იერიშზე საპასუხოდ თურქეთმა იდლიბში არტილერია, მძიმე ტექნიკა და სამხედროები გაგზავნა. შეტაკებებს ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებული ცნობით, ბაშარ ასადს ზურგს რუსული ავიაცია უმყარებს, რაც ვითარებას ართულებს.ამ საკითხზე თურქ პოლიტოლოგს, პროფესორ ტოგრულ ისმაილს ვესაუბრეთ.

თქვენ ახლა იმყოფებით თურქეთ-სირიის საზღვრის სიახლოვეს, ამჟამად საზღვარზე როგორი მდგომარეობაა?

საზღვარზე ახლა ვითარება უცვლელია. როგორც ვიცით, თურქეთმა ჯერ კიდევ 2017 წელს მიაღწია ირანთან და რუსეთთან შეთანხმებას, რაც დეესკალაციის ზონების შექმნას ითვალისწინებდა. ამ შეთანხმებით იდლიბს თურქეთი აკონტროლებდა. თურქეთმა იდლიბში მოაწყო 12 საკონტროლო პუნქტი. თურქეთი იქ პერიოდულ პატრულირებას ატარებდა. ვითარება იდლიბში ყოველთვის დაძაბული იყო. ამ საკითხზე რუსეთსა და თურქეთს შორის დამატებით შეთანხმება შედგა ჯერ 2018 წელს, შემდეგ 2019 წლის ოქტომბერში. მიუხედავად ამისა, ასადის რეჟიმი ყოველთვის ესხმოდა თავს თურქეთის ძალებს. თურქეთის მიერ მოწყობილი ერთ-ერთი საკონტროლო პუნქტი დაიკავეს კიდეც და თურქი სამხედროები იძულებული გახდნენ ახალი გაეხსნათ. თურქი სამხედროები კონფლიქტისთვის თავის არიდებას ცდილობდნენ, თუმცა ეს ვერ მოხერხდა და ასადის არმიის ბოლო შეტევა უშუალოდ თურქი სამხედროების წინააღმდეგ იყო მიმართული.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია 15 ადამიანი, 20-მდე კი დაჭრილია. ეს უკვე სერიოზული საკითხია. თუმცა, მიუხედავად ამისა, თურქეთმა სამხედრო ოპერაცია მაინც არ წამოიწყო. ანკარამ გააფრთხილა ასადი და მისი არმია, რომ თებერვლის ბოლომდე თუ ისინი არ დაიხევენ უკან და არ დაიკავებენ იმ პოზიციებს, რომელიც გაწერილია სოჭის შეთანხმებაში, მაშინ თურქეთი უფრო აქტიურ სამხედრო მოქმედებებზე გადავა. სამწუხაროდ, ასადის არმია უკან არ იხევს და აგრძელებს თავდასხმებს.

რამდენიმე დღის წინ სირიის შეიარაღებულმა ოპოზიციამ, თურქეთის არმიის დახმარებით, ამ ზონების გაწმენდა გადაწყვიტა. სწორედ ამ დროს დაიწყო შეტაკებები. ასადის არმიას აქვს სერიოზული დანაკარგი. განადგურებულია მათი შეიარაღების ნაწილი. საუბარია არა მხოლოდ საარტილერიო დანადგარებზე, არამედ ტანკებსაზეც და სამხედრო მანქანებზე. ახლა ეს შეტაკება გრძელდება.

რა არის ერდოღანის საბოლოო მიზანი იდლიბში?

თურქეთს აქვს მკაფიო მიზანი. თუ იდლიბი ასადის რეჟიმის ხელში აღმოჩნდება, მაშინ თურქეთს ელოდება ლტოლვილების ახალი ნაკადი, რადგან, როგორც ხედავთ, ასადის მხარეს არავინ გარბის, ყველას გეზი თურქეთისკენ უჭირავს. შესაბამისად, თუ შეტაკებები გაგრძელდება, მაშინ მოსალოდნელია, რომ სირიიდან თურქეთის მიმართულებით რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიძრას. ეს არის სერიოზული საფრთხე და დიდი ადამიანური ტრაგედია. თურქეთი ამის შეჩერებას ცდილობს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თურქეთი უკან თუ დაიხევს, იდლიბში დარჩებიან სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც არ წარმოადგენენ ტერორისტებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ტერორისტული დაჯგუფებების ნუსხა შეთანხმებულია რუსეთთანაც, ირანთანაც, ასევე გაეროსთანაც. თურქეთის გასვლის შემთხვევაში ეს ე.წ. ზომიერი ოპოზიცია დაუცველი დარჩება და ასადის რეჟიმი მას პრაქტიკულად გაანადგურებს. ასეთ შემთხვევაში რუსეთის, ირანისა და თურქეთის მიერ სოჭში დადებული შეთანხმება დაირღვევა.

როგორც ვიცით, ბაშარ ასადის არმიის შეტევას ზურგს უმაგრებს რუსული ავიაცია. თუ შეტაკებები გაგრძელება, რუსეთ-თურქეთის დაპირისპირება მოსალოდნელია?

ჩემი აზრით, თურქეთისა და რუსეთის დაპირისპირება არ მოხდება, რადგან მხარეები ომზე არ საუბრობენ. რა თქმა უნდა, ისმის ურთიერთბრალდებები. ეს პოლიტიკის ნაწილია. თურქეთი ასადის რეჟიმს ადანაშაულებს, თუმცა რუსეთს არ ეხება. რუსეთიც ანალოგიურად იქცევა. მოსკოვი თურქეთს ღიად არ ადანაშაულებს, არამედ საუბრობს ტერორისტულ ჯგუფებზე, ანუ მოლაპარაკებებისთვის კარი ღია რჩება. დღეს არც რუსეთს და არც თურქეთს სერიოზული სამხედრო დაპირისპირება ხელს არ აძლევს. სირიის თემა მოსკოვისა და ანკარას ურთიერთობების ფართო დღის წესრიგში ერთ-ერთია. არ მგონია, რომ ასადის რეჟიმის გამო ანკარასა და მოსკოვს შორის სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ხმელეთზე თურქეთი უფრო ძლიერია, ხოლო ჰაერში უპირატესობა რუსეთს აქვს. სამხედრო მოქმედებების დასაწყებად საჭიროა სახმელეთო ოპერაცია, რასაც რუსეთი ვერ მოახერხებს. ასადის რეჟიმის არმია კი სუსტია და მთლიანად დამოკიდებულია რუს სპეციალისტებზე. ის ვერ გაუწევს წინააღმდეგობას თურქეთის არმიას.

ახლახან გავრცელდა ცნობა, რომ აშშ- მზად არის, თურქეთს საჰაერო თავდაცვის სისტემა „პეტრიოტი“ გადასცეს, თუ გაქვთ ეს ინფორმაცია?

თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა „პეტრიოტის“ მიყიდვას, თუმცა აშშ-ის სენატი ამის უფლებას არ იძლევა. შეთანხმება ამ დრომდე არ არის მიღწეული. ამის მიზეზი მარტივია, აშშ-ს თურქეთის გაძლიერება არ სურს. ნატოს მოკავშირეების ნაწილს აქვს ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, თუმცა თურქეთს – არა. შესაბამისად, როდესაც ყველა მეზობელს აქვს შეტევითი სარაკეტო სისტემები, თურქეთსაც ესაჭიროება მსგავსი ტექნიკა. ანკარამ მიიღო შეთავაზება რუსეთისგან და შეისყიდა „ეს-400“-ები. ეს არ წარმოადგენს ნატოს შეთანხმებების დარღვევას. ეს სისტემები საჭიროა შიდა გამოყენებისთვის და ნატოს ნაწილი არ გახდება.

მსოფლიოს ამბები