რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის ესკალაციაში ერთადერთი დამნაშავე ბენიამინ ნეთანიაჰუა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის ესკალაციაში ერთადერთი დამნაშავე ბენიამინ ნეთანიაჰუა

ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის ესკალაციაში ერთადერთი დამნაშავე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ისრაელი ცდილობს რეგიონული კონფლიქტის პროვოცირებას და მისი თავდასხმა დამასკოში, ირანის საელჩოზე ბოლო წვეთი იყო“, – აღნიშნა ერდოღანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ახალი რეგიონული კონფლიქტები, შესაძლებელია, გაგრძელდეს, ვიდრე ღაზაში „სისასტიკე და გენოციდი“ გაგრძელდება.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა დასავლეთი იმის გამო, რომ მათ დაგმეს ირანის თავდასხმა ისრაელზე, მაგრამ არ დაუგმიათ ისრაელის თავდასხმა ირანის საელჩოზე.

ცნობისთვის, ისრაელის წინააღმდეგ ოპერაციას ირანში „ჭეშმარიტი პასუხი“ უწოდეს. როგორც თეირანᲨი აცხადებენ, 13 აპრილის იერიში იყო ირანის პასუხი პირველ აპრილს სირიის დედაქალაქ დამასკოში, ირანის საკონსულოზე მიტანილ დარტყმაზე, რომელსაც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნები ემსხვერპლნენ.