ტინი კოქსი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციონერთა ნაწილის მიერ მასზე გაკეთებულ შეფასებებს იცნობს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს საჭიროდ არ მიიჩნევს
ტინი კოქსი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციონერთა ნაწილის მიერ მასზე გაკეთებულ შეფასებებს იცნობს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს საჭიროდ არ მიიჩნევს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ტინი კოქსი აცხადებს, რომ ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციონერთა ნაწილის მიერ მასზე გაკეთებულ შეფასებებს იცნობს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით კომენტარს საჭიროდ არ მიიჩნევს.

ამის შესახებ ტინი კოქსმა „მოამბეს“ წერილობით განუცხადა.

ამასთან, კოქსი აღნიშნავს, რომ იანვარში საქართველოში დაბრუნდება და არჩევნებთან დაკავშირებით ქართველ კოლეგებს გაესაუბრება.

„თქვენი ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მისიის თავმჯდომარედ წარმადგინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურომ, რომელმაც წარსულში ასევე ამირჩია არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად ბოსნიაში (2010, 2014), რუსეთსა (2011, 2012) და თურქეთში (2015).

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშს წარვადგენ 2021 წლის იანვრის ბოლოს, საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე.

დღეს დილით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ბიურომ ავტორიზაცია მოგვანიჭა მე და ჩემს გუნდს, რომ იანვარში დავბრუნდე საქართველოში, არჩევნების შემდგომი სიტუაციის შეფასების მისიით. ეს ასამბლეის შემდგომ სესიამდე მოხდება, რაც მომცემს შესაძლებლობას, გავესაუბრო ყველა რელევანტურ ქართველ კოლეგას და მოვისმინო მათი მოსაზრებები არჩევნებსა და შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ტინი კოქსის წერილში.

შეგახსენებთ,  სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს, ტინი კოქსს რუსეთის აგენტი უწოდა. ასევე, „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ის კოქსთან მიმართებით ამ შეფასებას ეთანხმება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დეპუტატი ტინი კოქსი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ მის მიმართ ბრალდებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც კოქსმა განაცხადა, რომ „მისალოცია, არჩევნების მშვიდობიანად გამართვა, რაც ყოველთვის არ ხდება“.

ამასთან, მისივე თქმით, კენჭისყრისა და მომდევნო დღეს დემონსტრაციები არ არის მომწიფებული დემოკრატიისა და იმის ნიშანი, რომ პატივს სცემ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.