ფიქრია ჩიხრაძე - ტინი კოქსთან მიმართებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ვეთანხმები
ფიქრია ჩიხრაძე - ტინი კოქსთან მიმართებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ვეთანხმები

ბატონ კოქსთან მიმართებით ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ვეთანხმები, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

ჩიხრაძე ამბობს, რომ დემოკრატიისა და სახელმწიფოს წინსვლის საკითხებზე პარტნიორებთან ახლო ურთიერთობა ექნებათ.

„საერთოდ არ ვთვლი, რომ ყოველდღე მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამები უნდა შევაფასო, მაგრამ ბატონ კოქსთან მიმართებით ეს ის უიშვიათესი შემთხვევაა, როდესაც ბატონ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ვეთანხმები. სამწუხაროდ, ეს ადამიანი ცნობილია რუსეთთან ძალიან ახლო ურთიერთობებით და მაღალი ღირებულებებით არ გამოირჩეოდა.

ევროპელობა თავისთავად არ ნიშნავს, რომ საქმე უცდომელობასთან გვაქვს, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტი, ევროკავშირი, თუ ევროსაბჭო საერთაშორისო ურთიერთობებში უმაღლეს ორგანოებს წარმოადგენს, მაგრამ ყველგან არის თითოეული გამონაკლისი, სადაც ეს მაღალი სტანდარტები შესაძლოა, შენარჩუნებული არ იყოს და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ბატონ მიხეილის შეფასებას ვეთანხმები. ჩვენ ევროპელებთან და ჩვენს პარტნიორებთან გვექნება ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, სწორედ დემოკრატიის და სახელმწიფოს წინსვლის საკითხებში“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ჰოლანდიელ დეპუტატს, რომელიც საქართველოში არჩევნებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა, „​ეფესბეს“ აგენტი უწოდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დეპუტატი ტინი კოქსი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა.

დელეგაციის ხელმძღვანელის შეფასებით, „მისალოცია, რომ მშვიდობიანად გაიმართა არჩევნები, რაც ყოველთვის არ ხდება“.

ამასთან, მისივე თქმით, კენჭისყრისა და მომდევნო დღეს დემონსტრაციები არ არის მომწიფებული დემოკრატიისა და იმის ნიშანი, რომ პატივს სცემ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.

დატოვე კომენტარი