თინათინ ბერძენიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს „მოამბის“ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში წარუდგინა
საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა არხის სამეურვეო საბჭოს საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში წარუდგინა.
როგორც საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, საზოგადოებრივი მაუწყებელი წინასაარჩევნო მონიტორინგისთვის დიდი ხანია, ემზადება.
„შემუშავებული გვაქვს ავტომატური სისტემა, რომელიც დაითვლის წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდს, მნიშვნელოვანია, რომ ვითვლით არა მხოლოდ რაოდენობრივად გაშუქებულ სუბიექტებს და პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ირიბ და პირდაპირ გაშუქებას და გაშუქების ტონს, რამდენად ნეიტრალური იყო, უარყოფითი თუ პოზიტიური, შედეგები მოცემულია ამ ანგარიშში“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.
საქართველოს პირველი არხის და საქართველოს რადიოს საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების ყველა გადაცემის მონიტორინგი, რომელიც მიზნად ისახავს მონიტორინგის სუბიექტებისთვის დათმობილი დროის რაოდენობრივი მონაცემების დათვლას, 2020 წლის პირველი სექტემბრიდან მიმდინარეობს. მონიტორინგის რაოდენობრივი მონაცემები მოიცავს სუბიექტისთვის (გამომსვლელისთვის) დათმობილ დროს, პირდაპირ და ირიბ გაშუქებას დათმობილი დროის და გაშუქების ტონის მიხედვით (პოზიტიური, ნეგატიური, ნეიტრალური).
მონიტორინგი წარმოებს სპეციალურად შექმნილი პროგრამის საშუალებით, თითოეულ ჩანაწერზე ტელეგადაცემის/სიუჟეტის ლინკის მითითებით. ინფორმაციის დამუშავებას უზრუნველყოფენ სხვადასხვა პლატფორმებისა და გადაცემების სპეციფიკის გათვალისწინებით დატრენინგებული მონიტორები.
მონაცემები იზომება საერთაშორისო ორგანიზაციების პრაქტიკის შესაბამისად. საარჩევნო სუბიექტების გარდა, ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოს მთავრობის, პრეზიდენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის საქმიანობის გაშუქების შედეგები.
გასულ კვირას გამოქვეყნდა „მოამბის“ ყველა გამოშვებაში გაზომილი საარჩევნო სუბიექტები (გამომსვლელები) დათმობილი დროის მიხედვით, პირველიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.
ამჯერად ანგარიშში აისახა „მოამბის“ ყველა გამოშვებაში საარჩევნო სუბიექტისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი გაშუქება და გაშუქების ტონი თვის ჭრილში (პირველიდან 30 სექტემბრის ჩათვლით).
მონიტორინგის ანგარიში სრულად იხილეთ ბმულზე.