თეთრი სახლის მრჩეველი - აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩიხშია
თეთრი სახლის მრჩეველი - აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩიხშია

აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩიხშია, – ამის შესახებ ეკონომიკის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ლარი კუდლოვმა განაცხადა.

„ფოქს ნიუსთან“ საუბარში ლარი კუდლოვმა თქვა, რომ ვაშინგტონმა პეკინისგან კანონმდებლობაში კონკრეტული ცვლილებების დაპირება მოითხოვა, თუმცა ჩინეთის ხელისუფლებას საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება არ სურს.

თეთრი სახლის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირამდე არსებობდა მოლოდინი, რომ ივნისში იაპონიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტზე აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტები სავაჭრო შეთანხმებას ხელს მოაწერდნენ.

მსოფლიოს ორ წამყვან ეკონომიკას შორის სავაჭრო ომი გასულ კვირას გამწვავდა, როდესაც აშშ-ის ხელისუფლებამ 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

დატოვე კომენტარი