ტერეზა მეიმ ბრექსიტთან დაკავშირებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობა პარლამენტს დააკისრა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ბრექსიტთან დაკავშირებით არსებულ პრობლემებზე პასუხისმგებლობა ქვეყნის პარლამენტს დააკისრა. ტერეზა მეიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ბრექსიტთან დაკავშირებით ერთიანობის მიღწევა არ შეუძლიათ.
„ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ქმედებების შედეგად, ბრექსიტი 29 მარტს ვერ შედგება, როგორც ეს მანამდე იყო დაგეგმილი. პირადად მე ამის გამო ძალიან ვწუხვარ“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ტერეზა მეიმ ბრიუსელს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის 30 ივლისამდე გადადება სთხოვა. დონალდ ტუსკმა კი განაცხადა, რომ ბრიუსელი მზად არის, ლონდონს აღნიშნული შესაძლებლობა მისცეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა პირობად დიდი ბრიტანეთის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ ბრექსიტის შეთანხმების დამტკიცება დაასახელა.
ამასთან, ბრექსიტის თარიღის გადაწევას ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა დაუჭიროს მხარი. აღნიშნულ საკითხს გაერთიანების წევრი სახელმწიფოები დღეს ბრიუსელში დაგეგმილი სამიტის ფარგლებში განიხილავენ.