„ვიტ ჯორჯიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე თენგიზ კობიაშვილი დაინიშნა, რომელსაც არაერთი წლის განმავლობაში უმუშავია „ვეტერინართა“ რიგებში – ინფორმაციას კლუბის პრეს-სამსახური ავრცელებს. თენგიზ კობიაშვილმა კარიერა „სტუ – შევარდენში“ დაიწყო. ამპლუით ცენტრალური მცველი 1999-2007 წლებში „ვიტ ჯორჯიაში“ თამაშობდა და გუნდისთვის არაერთხელ უკაპიტნია. 2004 წელს საქართველოს ჩემპიონატის ოქროს მედლები მოიგო. შემდეგ „დინამო თბილისში“ მიიწვიეს, სამი სეზონი უზბეკეთში ითამაშა, ხოლო ბოლოს თბილისის „მერანში“ გამოდიოდა. 2008 წლის ივლისში 14-წლიანი საფეხბურთო კარიერა დაასრულა და სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.
2011 წელს კობიაშვილი „ვიტ ჯორჯიას“ ჭაბუკთა გუნდში მუშაობდა, რომელმაც 2013 წელს საქართველოს ჭაბუკთა ლიგაში ვერცხლის მედლები მოიპოვა. 2013-2014 წლების სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდის სარეზერვო შემადგენლობამ საქართველოს ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. 2015 წლის მარტში კობიაშვილმა „ვიტ ჯორჯიას“ მთავარი გუნდი ჩაიბარა, სადაც 2017 წელს ბოლომდე იმუშავა. ასევე წვრთნიდა ქობულეთის „შუქურას“ (2018-2019), საგარეჯოს „გარეჯს“ (2021) და დუშეთის „არაგვს“ (2022).