საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე მეხუთე ტურის მატჩები გაიმართა.
მორიგი, რიგით მეხუთე გამარჯვება იზეიმა გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“. ესპანურმა გუნდმა, რომელიც შეჯიბრზე უდანაკარგოდ ასპარეზობს, საკუთარ არენაზე თურქეთის „გაზიანთეფი“ მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 2 ქულის სხვაობით, ანგარიშით 69:67 სძლია.
საქართველოს ნაკრების ცენტრმა მოედანზე 23:08 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა. მასზე მეტი „ტენერიფეში“ მხოლოდ მარსელინიო უვერტასმა დააგროვა (20 ქულა).
სტუმართა რიგებში 16 ქულით საუკეთესო ბუვა გამოდგა. „ტენერიფე“ ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფს ხუთი მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობს. მომდევნო შეხვედრას შერმადინის გუნდი 19 ნოემბერს ლატვიაში, „რიგას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.