ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ „აპოელთან“ კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურის შეხვედრა (0:0) შეაჯამა და განაცხადა, რომ მთავარი ბრძოლები წინაა.
„ეს კარგი თამაში იყო და შედეგიც სამართლიანია. თუმცა მეორე ტაიმში გოლის გატანა შეგვეძლო. რთულ შეხვედრაში გოლი არ გაგვიშვია. წინ ვიხედებით და მიგვაჩნია, რომ ახალწვეულების სახით გუნდმა გარკვეული ხარისხი შეიძინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ბურთს ვერ ვიჭერდით. სისტემა შევცვალეთ და ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც სხვადასხვა სისტემებში თამაში შეუძლიათ. ჩვენ გვჭირდებოდა მოთამაშეები ადრეც დაგვემატებინა. ჩვენ თასზე და ჩემპიონატში ვიბრძვით, წინ 15 მატჩია და ლიდერ გუნდებს შორის დიდი სხვაობა არაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯერ ყველაფერი წინაა. ამიტომ შედეგს ველოდებით“, – განაცხადა ქეცბაიამ.
„ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში გამართული 21 ტურის შემდეგ 40 ქულა დააგროვა და კვიპროსის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზეა, ლიდერს, „აპოლონს“ კი 4 ქულით ჩამორჩება.
კვიპროსული გამოცემა philenews კი ამტკიცებს, რომ გუნდი უახლოეს პერიოდში ნახევარმცველით გაძლიერდება: „აშკარა იყო, რომ „ანორთოსისმა“ „აპოელთან“ დერბიში შედეგიანი თამაში ვერ აჩვენა. თემურ ქეცბაიამ იცის, გუნდში რა არის გამოსასწორებელი და მისი ამოცანა ვითარების შეცვლაა. ორშაბათიდან ის ნახევარმცველის დამატებას შეეცდება. როგორც ჩანს, ფამაგუსტას გუნდისთვის ეს აუცილებელია, რადგან ოქრიაშვილი ტრავმირებულია, რომლის გარეშეც „ანორთოსისი“ ისეთი აგრესიული ვერ იქნება“.