ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მოქალაქეები იკრიბებიან
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მოქალაქეები იკრიბებიან

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან მოქალაქეები იკრიბებიან.

აქციაზე მისული მოქალაქეები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, პასუხისმგებლობა აიღონ არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ამასთან, მოითხოვენ, ტელევიზია დატოვოს გიორგი გაბუნიამ და  შეიცვალოს არხის მენეჯმენტი.

აქციაზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს. მოქალაქეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს.

„რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა.

გიორგი გაბუნიას მონოლოგი მოქალაქეთა ნაწილმაც გააპროტესტა და „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, შეეწყვიტა მაუწყებლობა „რუსთავი 2“-ს და ბოდიში მოეხადათ. მოგვიანებით, მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ტელეკომპანიასთან აქცია გამთენიისას დასრულდა.

„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე განაახლა და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული მიმართვა შეაფასა, „როგორც პროვოკაცია, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილი, მიმართული საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“. საკითხს გამოეხმაურნენ ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვები.

„რუსთავი 2“-ის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას ორი თვით უფლებამოსილება შეუჩერდა.