თბილისში „რეალის“ საზაფხულო კემპი იხსნება
თბილისში „რეალის“ საზაფხულო კემპი იხსნება

28 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, ორგანიზაცია „თავისუფალი ფეხბურთის“ ორგანიზებით, თბილისში მადრიდის „რეალის“ საზაფხულო კემპი გაიმართება.

ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდის საზაფხულო სკოლას თბილისის ზღვასთან მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზა უმასპინძლებს, გახსნის ცერემონია კი 28 ივნისს, 15:00 საათზე გაიმართება.

მადრიდის „რეალი“ სელექციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს – ძიების ერთ-ერთი ფორმა სხვადასხვა ქვეყანაში საზაფხულო სკოლების დაფუძნებაა. საქართველო პირენეელთა პარტნიორი ქვეყნების სიაში წელს პირველად მოხვდა.

100-ზე მეტ ბავშვს ექვსი დღის განმავლობაში ორჯერ ავარჯიშებენ „რეალის“ აკადემიის ორი ესპანელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. ქართველი მოზარდები მადრიდელთა სათამაშო ფილოსოფიასა და საწვრთნელ მეთოდიკას გაეცნობიან.

„თავისუფალი ფეხბურთი“ იყო „ზესტაფონის“ ბაზაზე 2018 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე გამართული იტალიური და ევროპული ფეხბურთის გრანდების, მილანის „ინტერისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ საზაფხულო კემპების ორგანიზატორი. მადრიდელთა კემპის საორგანიზაციო საკითხებს ამჯერადაც „თავისუფალი ფეხბურთის“ დამფუძნებელი ლევან სეთურიძე და პროექტების მენეჯერი პეტრე სარდანაძე აგვარებენ.