თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული კაპიტანი იუბილარია - ალექსანდრე ჩივაძე 69 წლის გახდა #1TVSPORT
ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე 8 აპრილს 69 წლის გახდა.
ჩივაძე თბილისის „დინამოში“ 1974 წელს აიყვანეს და თავიდან ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. გუნდის შემადგენლობაში თამაში კი 1987 წელს დაასრულა, როდესაც უკვე ცენტრალური მცველი იყო.
„ნოდარ ახალკაცს უნიკალური ნიჭი ჰქონდა, შეეძლო, მოთამაშეში ის თვისება აღმოეჩინა, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ. მისი დამსახურებაა, რომ საშა ჩივაძე გახდა ის პიროვნება, რომლის სახელიც ოქროს ასოებით ჩაეწერება ქართული ფეხბურთის ისტორიაში.
„დინამოში“ მოსვლისას საშა ცენტრალური ნახევარმცველი იყო, ტექნიკური და ნიჭიერი, მაგრამ ახალკაცმა დაცვაში დააყენა და აღმოჩნდა, რომ ამ პოზიციაზე გაცილებით უკეთესი იყო და თავისი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი გახდა“, – იხსენებდა თბილისის „დინამოს“ ლეგენდა, საქართველოს პირველი არხის საფეხბურთო ექსპერტი ვლადიმერ გუცაევი.
ჩივაძემ „დინამოში“ ჩატარებულ 425 შეხვედრაში 62 გოლი გაიტანა. არის სსრკ-ს 1978 წლის ჩემპიონი, სამგზის პრიზიორი (1976 შემოდგომა-გაზაფხული, 1981), თასის ორგზის მფლობელი (1976 და 1979 წლებში).
ალექსანდრე ჩივაძე იყო თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, როდესაც გუნდმა უდიდეს წარმატებას მიაღწია და თასების მფლობელთა თასი მოიგო. არის 1980 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი.
იყო სსრკ-ს ნაკრების კაპიტანი და 52 ჩატარებულ მატჩში სამი გოლი გაიტანა. არის ფიფა-ს ორდენის კავალერი. „დინამო არენის“ სამხრეთ ტრიბუნის პირველი იარუსი ლეგენდარული კაპიტნის სახელს ატარებს.